რაგბი

19:22 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ხარები” ფეხმა დააღალატა

საქართველოს განახლებული ჩემპიონატის XII ტურის ცენტრალურ მატჩში, თბილისის “ლელო-სარასენსი” მეტოქეზე მეტჯერ დაჯარიმდა, მაგრამ რუსთავის “ხარებმა” ფეხით ძალიან ცუდად ითამაშა. მათ არა მხოლოდ კარში დარტყმები, არამედ ბურთის აუტში გადატანაც არ გამოსდიოდათ და ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმაც უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

თამაში ლაღი გამოდგა და მზიან დარში შეკრებილმა ნეიტრალურმა და თბილისელმა მაყურებელმა ისიამოვნა. შეხვედრა “ლელო-სარასენსის” აქტიურობით დაიწყო. გუნდი პირველივე წუთებიდან ცდილობდა ბურთის მარჯვენა ფლანგზე სწრაფად გაშლას და უპირატესობის გამოყენებას, მაგრამ თავიდან ეს არ გამოდიოდა. მერე ვაჟა ხუციშვილმა ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, 40 მეტრი ირბინა, სტუმრები დაჯარიმდნენ, მაგრამ ბებიაშვილმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ცუდად დაარტყა. თბილისელებმა კვლავ ხელდახელ შეუტიეს და ამჯერად დამუშავებული კომბინაცია ლოგიკურად უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ლექსო გუგავას ზედ ჩათვლის მოედნის წინ ბურთი გაუვარდა.

“ხარებს” თამაშიდან თუ ჯარიმებიდან ბურთი აუტში ვერ გადაჰქონდა, უმეტესად საკუთარ ნახევარს იყო მიჯაჭვული და “ლელოს” სწრაფი გარემარბების შეკავებას ცდილობდა. მორიგი ჯარიმისას მასპინძლებმა ალექსანდრე თოდუა კი შეაკავეს, მაგრამ ამ ცდაზე ბურთი მარჯვენა ფლანგზე გაჭრამ შედეგი გამოიღო და ირაკლი ყიასაშვილმა ლელო გაიტანა. რუსთაველებმა გონს მოსვლა ვერ მოასწრეს, მეორე ლელო ისე მიიღეს. მცველების შეცდომით გიორგი ტალახაძემ ისარგებლა, ბურთს ფეხი წაკრა, თავად აიტაცა და ჩათვლის მოედანში დაამიწა. ყიასაშვილმა ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა - 0:12.

“ხარებმა” ჯარიმა კარში აღარ დაარტყა და ნაცად ხერხს, მოკლე დარტყმებით თამაშს მიმართა. ამან შედეგი გამოიღო, ვაჟა ხუციშვილის ცრუ მოძრაობას მცველები წამოეგნენ და ლელო გავიდა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. ზედ შესვენების წინ მასპინძლებმა 5-მეტრა აუტი ცუდად გაითამაშეს, მაგრამ ბურთს ვერ მცველი დაეუფლა, მერე მარჯვება ფლანგზე თორნიკე თეგეთაშვილი მცველს გაექცა და ლელოებით წონასწორობა აღადგინა, თუმცა, ამჯერად ხუციშვილის გარდასახვა იყო არაზუსტი და რუსთაველებმა ტაიმი 10:12 დათმეს.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც რეფერიმ ვაჟა თაგაური უხეში ბოჭვისთვის გაასინბინა და ყიასაშვილმა 37 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა. ნაკლულმა “ხარებმა” თავადაც მოიპოვა ჯარიმის შესრულების უფლება და გიორგი ბასილაიამ ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. “ლელო-სარასენსმა” მეტობა ვერ გამოიყენა, თუმცა, მეტოქის შემადგენლობა რომ შეივსო, მოლით ჩათვლის მოედნის ხაზის გადაკვეთა მაშინ მოახერხა და გიორგი კაჭარავას ლელოს ყიასაშვილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. ტაიმის შუაში თბილისელებმა ბურთი მარცხენა ფლანგზე ხელდახელ გაითამაშეს და ტალახაძემ დუბლი მიითვალა. გარდასახვა არაზუსტი იყო, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და “ლელო-სარასენსმა” 27:13 მოგებით მნიშვნელოვანი 4 ქულა მიითვალა, ხოლო “ხარები”მეოთხე ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

XII ტური

რუსთავი. ახალი. 500 მაყურებელი

ხარები (რუსთავი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 13:27 (10:12)

ხარები (სასტარტო შემადგენლობა): 15. თორნიკე თეგეთაშვილი, 14. ბექა ბებიაშვილი, 13. ნიკა ბერძული, 12, გიორგი ნათელაშვილი, 11. გიორგი ბებიაშვილი, 10. გიორგი ბასილაია, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. ზვიად ესართია, 2. ვაჟა თაგაური, 3. მიხეილ წიკლაური, 4. გენო ხელია, 5. სოლომონ ქარუხნიშვილი, 6. მამუკა ცხადაძე, 7. გიგა ქვლივიძე, 8. ჟორა მღებრიშვილი.

2 ლელო: ხუციშვილი, თეგეთაშვილი

1 ჯარიმა: ბასილაია

1 სინბინი: თაგაური

ლელო-სარასენსი (სასტარტო შემადგენლობა): 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ლექსო გუგავა, 13. გიორგი ტალახაძე, 12. ოთარ ბარკალაია, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი კაჭარავა; 1. ზურაბ ჯულაყიძე, 2. გიორგი ლომთაძე, 3. გიორგი სანიკიძე, 4. ზურაბ ხორბალაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. ბაჩანა კოლელიშვილი, 7. ელგუჯა სურგულაძე, 8. თორნიკე ბუბუტეიშვილი.

4 ლელო: ყიასაშვილი, ტალახაძე (2, 4), კაჭარავა

2 გარდასახვა: ყიასაშვილი

1 ჯარიმა: ყიასაშვილი

თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი

არმაზი (თბილისი) - არმია (თბილისი) 18:18

არმაზი: 2 ლელო - პინაიშვილი, ბარბაქაძე; 1 გარდასახვა - კიკნაძე; 2 ჯარიმა - კიკნაძე; 1 სინბინი - სოსელია

არმია: 2 ლელო - კაკოვინი, თავართქილაძე; 1 გარდასახვა - გოგოლაძე; 2 ჯარიმა - გოგოლაძე

ქუთაისი. “აია”. 700 მაყურებელი

აია (ქუთაისი) - ყოჩები (ბოლნისი) 21:11

აია: 2 ლელო - რატიაშვილი, ტორაძე; 1 გარდასახვა - სინაურიძე; 3 ჯარიმა - სინაურიძე

ყოჩები: 1 ლელო - მახარაშვილი; 2 ჯარიმა - სოხაძე; 1 სინბინი - გუგეშაშვილი

1 ყოჩები 12 10 1 1 270-157 44
2 ბათუმი 12 7 1 4 248-178 35
3 ლელო სარ. 12 7 2 3 236-164 34
4 ხარები 12 6 2 4 217-183 30
5 ლოკომოტივი 12 5 1 6 187-171 28
6 აია 12 6 0 6 193-186 28
7 არმაზი 12 5 1 6 202-230 24
8 არმია 12 4 1 7 169-235 21
9 ჯიქები 12 4 1 7 158-188 20
10 თიბიეს უნივ. 12 1 0 11 153-341 7

მომდევნო ტური. 7-8 თებერვალი

ლელო-სარასენსი - არმაზი; ბათუმი - ხარები; თიბიეს უნივერსიტეტი - ყოჩები; არმია - ჯიქები; ლოკომოტივი - აია

0.110693