ჩოგბურთი

11:19 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი: “ფინალის წინ ოპტიმიზმის საბაბი მაქვს”

ხუთსეტიან პაექრობაში სტენ ვავრინკას ძლევის შემდეგ რეიტინგსიის ამჟამინდელი ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეთხუთმეტედ გავიდა სადიდსლემო ტურნირის ფინალში. წინა 14 გადამწყვეტი მატჩიდან 27 წლის სერბმა შვიდში იმარჯვა. ავსტრალიის წლევანდელი ღია პირველობის ფინალში ჯოკოვიჩი თანატოლ შოტლანდიელ ენდი მარეის შეხვდება, რომელთანაც პირად მატჩებში საგრძნობი უპირატესობა აქვს - 15 მოგება 8 მარცხის წილ.

- ბოლო ხანს დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, სტენ ვავრინკასთან ავსტრალიის ღია პირველობაზე კიდევ ერთი დაძაბული, ხუთსეტიანი ორთაბრძოლა ჩაატარეთ...

- ცხადია, ფინალში გასვლა ძალიან მახარებს, თუმცა, საკუთარი თამაშითა და ნაჩვენები ჩოგბურთის დონით მაინცა და მაინც კმაყოფილი არ ვარ. ერთადერთი მეხუთე სეტში განვითარდა მოვლენები ჩემდა სასიკეთოდ. მაყურებელი ხუთსეტიან ორთაბრძოლას ვარაუდობდა და ასეც გამოვიდა.

- ფინალის წინ ზედმეტად ხომ არ გადაიტვირთეთ?

- მელბურნში წლეულს ჩატარებული მატჩების გათვალისწინებით, ფინალის წინ ოპტიმიზმის მეტი საბაბი მაქვს, ვიდრე პესიმიზმისა. გადამწყვეტ მატჩშიც კორტზე სათამაშოდ მობილიზებული და თავდაჯერებული გავალ.

- ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ რეიტინგში მოწინავე ოთხეულში კვლავ თქვენ, როჯერ ფედერერი, რაფა ნადალი და ენდი მარეი იქნებით. გჯეროდათ, რომ “დიდი ოთხეული” კვლავ შეიკრებოდა?

- ბევრს საუბრობდნენ თაობათა ცვლაზე, რასაც ხელი სტენ ვავრინკასა და მარინ ჩილიჩის მიერ სადიდსლემო ტურნირების მოგებამ შეუწყო ხელი. ამბობდნენ, “დიდი ოთხეული” საბოლოოდ დაიშალაო. როგორც ხედავთ, არც მთლად ეგრე ყოფილა საქმე... თუმცა, ისიც ცხადია, რომ სიტუაცია შეცვლილია და ვავრინკასა და ჩილიჩის გარდა, კეი ნიშიკორი, მილოშ რაონიჩი, გრიგორ დიმიტროვიც “გვავიწროვებენ”.

- ბოლო 8 შეხვედრიდან შვიდში მარეის დამარცხება მოახერხეთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენდის ძლევის “გასაღებს” მიაგენით?

- ჩემი და ენდის მატჩების შედეგის წინასწარ პროგნოზირება ძნელია. ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ხშირად ერთადაც ვვარჯიშობთ. თუმცა, ბოლო ხანს, მის რეგულარულად დამარცხებას რომ ვახერხებ, დამაჯერებლობას მმატებს. ამასთან, ფინალამდე ფავორიტად თავს არ ვგრძნობ. ფაქტია ერთია – მეც და მარეიც ყველაფერს გავაკეთებთ მორიგი სადიდსლემო გამარჯვების მოსაპოვებლად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10461