ავტოსპორტი

23:50 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი SF15-T“ - მოკრძალებული მიზნები

ესეც ახალი „ფერარი“, მარანელოელები ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან, მაშინაც კი, როცა პრობლემები აქვთ. ახლაც, თუნდაც მათი ახალი პილოტი სებასტიან ფეტელი ამბობს, ჩვენგან ილუზიებს ნუ ელითო, ან ახალი შეფი მაურიციო არივაბენე ამბობს, მაქსიმუმ ორი რბოლა მოვიგოთო, „სკუდერიას“ ფანები მაინც გაცილებით მეტს ელიან, ეს „გაცილებით მეტი“ კი ჩემპიონობისთვის ბრძოლაა. სხვა თუ არაფერი, მათ ისეთი პილოტები ჰყავთ, რომელთა მონაგარშიც ხუთი ტიტულია.

მაშ ასე, კიმი რაიკონენის და სებასტიან ფეტელის განკარგულებაშია „ფერარი SF15-T“, რომლითაც ისინი კვარცხლბეკზე ხშირად ასვლას და გამარჯვებასაც ეცდებიან. გასული სეზონი, ისევე როგორც 1993 წლისა, მარანელოელებმა გამარჯვების გარეშე დაასრულეს. ეს კი მათთვის ნამდვილი კოშმარია. ზედიზედ ორ ასეთ სეზონს არამარტო იტალია, არამედ კვიცების მსოფლიო ფანობა ვერ გადაიტანს.

გუნდი იმედოვნებს, რომ მანქანა რბოლებშიც და კვალიფიკაციებზეც ერთნაირად სწრაფი იქნება და აღარ განმეორდება გასული სეზონის შემთხვევები, როცა კვალიფიკაციაზე ნაჩვენები მეტნაკლებად მისაღები შედეგების შემდეგ, რბოლისას ორივე მანქანა აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანი იყო.

როგორც ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი ამბობს, ძრავის გარდა, ინჟინრებმა აქცენტი მანქანის უკანა ნაწილში კომპონენტების მჭიდრო განლაგებაზე გააკეთეს. სწორედ ამ ნაწილში იგრძნობა ყველაზე დიდი განსხვავება წინამორბედისგან. თუმცა, ცხვირიც შეცვლილია - უფრო დაბლა დაიწია (რეგლამენტის მოთხოვნა) და უფრო სწორიც გახდა. ინჟინრებმა ბევრი იმუშავეს რადიატორების ოპტიმალურ განლაგებაზე, რაც აეროდინამიკური თვალსაზრისით ოპტიმალური ფორმის მისაღებად გაკეთდა.

წინა საკიდარში შეინარჩუნეს გამწევბერკეტიანი სისტემა, რომელიც ძნელად დასარეგულირებელია და გასულ სეზონში, რაიკონენს ყველაზე მეტად ეს ფაქტორი უქმნიდა პრობლემებს. ელისონი ამბობს, რომ ეს კომპრომისული გადაწყვეტილება იყო და სისტემა მხოლოდ იმის გამო დატოვეს, რომ მისი შეცვლის შემთხვევაში, საფუძვლიანად დასამუშავებელი იქნებოდა ავტომობილის აეროდინამიკა და შასის წინა ნაწილი. იმავდროულად, ეს ნაწილი მანქანის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პრობლემური იყო.

ელისონი ამბობს, რომ გასულ სეზონში მანქანას სიმძლავრეც აკლდა. კერძოდ, ვერ ხერხდებოდა ტურბინიდან და მასთან დაკავშირებული გენერატორიდან საკმარისი ელექტრო ენერგიის გამომუშავება, რაც საბოლოოდ, ჯამურ სიმძლავრეს ამცირებდა. ის დასძენს, რომ სწორედ ამის გამო იყო მანქანა კვალიფიკაციისას უფრო კონკურენტუნარიანი, ვიდრე რბოლისას. ამიტომ, ძირეულად შეიცვალა აგრეგატის და მასში შემავალი ძირითად ელემენტების არქიტექტურა, რისი წყალობითაც, გაიზარდა სიმძლავრე. პარალელურად, გუნდმა პირობითი ქულების მარაგიც დაიტოვა, რომელიც სეზონის განმავლობაში, ძრავის მოდიფიცირების საშუალებას მისცემს.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.639881