ფეხბურთი

17:13 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი ბუფონი – დაუძლეველი ბარიერი

დღეს, თანამედროვების ერთ-ერთ გენიალურ მეკარეს და მოთამაშე ჯანლუიჯი ბუფონს დაბადების დღე აქვს. ჯიჯის 37 წელი შეუსრულდა. მიუხედავად ასეთი ასაკისა, მას სიბერის არაფერი ეტყობა და ძველებურად დამაჯერებლად დგას კარის ხაზზე.

ჩვენ გადავწყვიტეთ, მოკლედ გადავავლოთ თვალი ბუფონის უმდიდრეს და გასაოცარ კარიერას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ მის სიდიადეში.

ჯანლუიჯი ბუფონმა საფეხბურთო კარიერა “პარმაში” დაიწყო. იმ “პარმაში”, რომელიც აღზევების გზას ადგა და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სიმპატიურ ფეხბურთს აჩვენებდა. მისი დებიუტი “ჯალობლუს” მაისურით სერია A-ში 1995 წლის 20 ნოემბერს შედგა. იმ დღეს ბუფონი მხოლოდ 17 წლის იყო. პარმეზანელთა მაშინდელი ძირითად კიპერი ლუკა ბუჩი დაშავებული გახლდათ და პატარა ჯიჯის ლეგენდარული “მილანის” წინააღმდეგ მოუწია თამაში. მიუხედავად სადებიუტო მღელვარებისა და ძლიერი მეტოქისა, ახალგაზრდა მეკარემ უშეცდომოთ ითამაშა და საკუთარი კარი მშრალად შეინახა. ბუფონმა “პარმას” რიგებში 6 სეზონი გაატარა. გუნდთან ერთად უეფას თასი, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასის მოგებაც შეძლო. 2001 წლის ზაფხულში იგი ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა. აღსანიშნავაია, რომ ბუფონი მაშინ ორი რეკორდის მფლობელი გახდა, რომელიც დღემდე დაუმხობელია. იგი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე შეიქნა, ხოლო პარალელურად “იუვენტუსის” არსებობის განმავლობაში ყველაზე ძვირად შეძენილი ფეხბურთელი.

2001 წლიდან დღემდე ჯიჯი “ბებერი ქალბატონის” ერთგულია. 2012 წლიდან კი გუნდის კაპიტანიცაა. ბუფონს არაერთი, გაცილებით სარფიანი შეთავაზებები სხვადასხვა გრანდებიდან მიუღია, თუმცა მან “შავ-თეთრი” მაისური ფულზე არ გაცვალა. ჯიჯისთვის გამორჩეული იყო 2002-2003 წლების სეზონი. გარდა იმისა, რომ გუნდთან ერთად სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოიგო, ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც “მილანთან” მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში დამარცხდა, ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯიჯიმ 2-ჯერ მოახერხა პენალტის მოგერიება. სეზონის ბოლოს უეფამ მას გარჯა დაუფასა. იგი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, იმავდროულად საუკეთესო ფეხბურთელადაც. ასეთი ფაქტი კი არც მანამდე და არც მას მერე არ დაფიქსირებულა. ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მეკარეს არასდროს მოუგია. ბუფონი ამ მხრივაც გამორჩეულია. მისი კარიერის კიდევ ერთ გასაოცარ მომენტად 2006 წლის მუნდიალი ითვლება. იტალიის ნაკრების გაჩემპიონებაში ჯიჯიმ უდიდესი როლი ითამაშა. მან გერმანიის მოედნებზე შვიდ მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა. ერთი საკუთარმა თანაგუნდელმა კრისტიან ძაკარდომ გაუტანა, მეორე კი ზინედინ ზიდანმა თერთმეტმეტრიანით. ბუფონი იმავე წელს “ოქროს ბურთის” მოგებასთან ძალზე ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში თანამემამულე ფაბიო კანავაროს ჩამორჩა და მეორე ადგილს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ კარიერის პიკზე მყოფი მეკარის “იუვენტუსი” იმ დროისთვის საფეხბურთო სკანდალში გაეხვა და ქვედა ლიგაში დააქვეითეს. მსოფილიოს საუკეთესო მეკარეს კი რა თქმა უნდა შეთავაზებათა რიგი დაუდგა, მაგრამ ჯიჯიმ საკუთარი გუნდი გასაჭირში არ მიატოვა და “იუვეში” დარჩა. ჯანლუიჯი ბუფონი “იუვენტუსის” ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით დღეისათვის მე-4 პოზიციას იკავებს და თუ გავითვალისწინებთ, რომ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს არც წინა პოზიციებზე გადასვლა იქნება გასაკვირი. მიუხედავად უდიდეს კარიერისა, ბუფონის ჯილდოებს ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალი აკლია. ლეგენდარულ კიპერს ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ ამ მედლის მოპოვებაზე ყველაზე მეტად ოცნებობს, თუმცა დრო გადის...

ბუფონი რეკორდსმენია იტალიის ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობითაც. მან “სკუადრა აძურას” მაისური ჯერ კიდევ შორეულ 1997 წელს მოირგო. მოსკოვში მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრაში ჯიჯის ტრავმირებული პალიუკას ნაცვლად მოუწია თამაშში ჩართვა. მოყინულ და თოვლიან “ლუჟნიკებზე” ჯიჯი არ დაბნეულა და გუნდს მნიშვნელოვან მატჩში დამაჯერებლად წარუძღვა. იმ დროს ბუფონი 19 წლის იყო, ასეთ პატარა ასაკში კი იტალიის ნაკრების მაისური არავის მოურგია. მას შემდეგ ჯიჯიმ ნაკრებთან ერთად ოთხ მუნდიალზე და სამ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. 2000 წლის ევროპირველობა კი თითის მოტეხილობის გამო გაუცდა. ამავდროულად 20 წლის ბუფონი, 1998 წელს საფრანგეთში გამართული მუნდიალზეც იმყოფებოდა, თუმცა მაშინ მოედანზე არ გასულა. ბუფონი ნაკრების კარს დღემდე დამაჯერებლად იცავს და როგორც თვითონ ამბობს 2018 წლის მუნდიალზეც სურს ასპარეზობა. ჯანლუიჯი ბუფონის დღევანდელ სათამაშო ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ეს სურვილი უტოპიას არ ჰგავს და ვინძლო გენიალური კიპერი მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვიხილოთ.

ჯანლუიჯი ბუფონს ბევრი ყველა დროის საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს. IFFSHS-ს გადაწყვეტილებით იგი უკვე დასახელებულია, როგორც ყველა დროის უძლიერეს კარის დარაჯად, ისე XXI საუკუნის საუკეთესო მეკარედ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.165754