კალათბურთი

21:57 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

„შსს-აკადემიამ“ „ბათუმს“ ბოლოს მაინც აჯობა

კალათბურთის აკადემიის დარბაზში მიმდინარე მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის საიუბილეო მე-10 მემორიალის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს „შსს-აკადემია“ და „ბათუმი“ დაუპირისპირდა. „დინამო“-„მგზავრები არმიას“ შემდეგ დღეს ჩატარებული მატჩებიდან „შსს-აკადემია“-„ბათუმის“ დაპირისპირება ყველაზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

ძალოვნებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და 7 ქულის სხვაობით, 37:30 მოიგეს. ზღვისპირელებმა მეორე ნახევარში თამაში გამოასწორეს. ანგარიში ჯერ გაათანაბრეს და შემდეგ წინ გასვლაც მოახერხეს.

უაღრესად დაძაბული გამოდგა მატჩის ბოლო 3 წუთი. შეხვედრა ერთხანს გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ეროვნული ნაკრების წევრების: ნიკა მეტრეველისა, გიორგი ცინცაძისა და ბექა წივწივაძის აქტიური თამაშის წყალობით „შსს-აკადემიამ“ ბოლო წუთები უკეთ ჩაატარა და 72:69 შეძლო მეტოქის დამარცხება.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 20 ქულა, „ბათუმის“ უკანახაზელმა ბობ ჯეი იუნგმა დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა იუნგის თანამემამულე და თანაგუნდელი, ამერიკელი ცენტრალური თავდამსხმელი კრისტოფერ ლეონ პელჩერი, რომელმაც 14 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

„შსს-აკადემიას“ მხრიდან ყველაზე კარგი შედეგი მეტრეველს ჰქონდა, რომელმაც 15 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

მემორიალის მეორე ტურის შეხვედრები 26 იანვარს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122428