ფეხბურთი

17:45 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის

ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს ჩვენი დროით 00:00 საათზე “მესტალიაზე” შედგება. ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი კლუბები “ვალენსია” და “სევილია” დაუპირისპირდებიან. შეხვედრისადმი მოლოდინი ძალიან დიდია და დღეს ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

ვალენსია

“ვალენსია” შეხვედრისთვის მთელი კვირის განმალობაში ემზადებოდა. “ღამურები” ამ მომენტისთვის “სევილიას” ერთი ქულით ჩამორჩებიან და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება მათთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორით. მიმდინარე სეზონში “ვალენსია” ძლიერ კლუბებთან ძალიან კარგად თამაშობს. “ლოს ჩემ” “რეალის”, “ატლეტიკოს”, “მალაგასა” და “ვილიარეალის” დამარცხება მოახერხა, “სევილიას” ფრედ ეთამაშა და “ბარსელონასთან” 94-ე წუთზე წააგო. დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლები ტრავმების გამო ანტონიო ბარაგანსა და პაბლო პიატის მოისაკლისებენ, ხოლო სოფიან ფეგული აფრიკის თასზე სათამაშოდ იმყოფება. მიუხედავად ბარაგანის ტრავმისა, ნუნუ ესპირიტო სანტომ ჟოაო პერეირა განაცხადში მაინც არ შეიყვანა და ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ჟოაოს უთამაშებლობის მიზეზი სპორტული ფაქტორით განპირობებული არაა. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, მას პერეირა არ სჭირდება და სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე კლუბს დატოვებს. მარჯვენა მცველის ბედს გაიზიარებს ბრუნო ზუკულინიც, რომელიც “მანჩესტერ სიტიში” დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ დღეს ნუნუ ესპირიტო სანტოს 41 წელი შეუსრულდა და “სევილიას” დამარცხები მისთვის შესანიშნავი საჩუქარი იქნება.
დღევანდელ შეხვედრაში ნუნუ რამდენიმე ცვლილებას გეგმავს. ტრავმირებულ ბარაგანს ჟოაო კანსელო შეცვლის, ძირითადში იქნება ალვარო ნეგრედო, ხოლო პაკო ალკასერი სათადარიგოთა შორის იქნება. გუნდს დაუბრუნა ნიკოლას ოტამენდი, რომელმაც წინა შეხვედრა დაზიანების გამო გამოტოვა. არგენტინელს შკოდრან მუსტაფი შეუწყვილდება. სავარაუდოდ, სასტარტოში იქნება ხოსე ლუის გაია, ხოლო ლუკას ორბანი თადარიგში დაიწყებს შეხვედრას. დღევანდელ შეხვედრაში პორტუგალიელი სპეციალისტი ცენტრს დაუთმობს დიდ ყურადღებას, ძირითად შემადგენლობაში ერთდროულად ოთხ ცენტრალურ ნახევარმცველს: ხავი ფუეგოს, ენცო პერესს, დანი პარეხოსა და ანდრე გომეშს ელიან. ალვარო ნეგრედოსთან ერთად, შეტევის ხაზში როდრიგო მორენოს გამოჩენას ელიან.
მატჩის წინ ისაუბრა “ვალენსიას” ამჟამინდელმა და “სევილიას” ყოფილმა თავდამსხმელმა ალვარო ნეგრედომ. მან ძველ გუნდზე ძალიან თბილად ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ გოლის გატანა მოახერხა არ იზეიმებს.

სევილია

“ვალენსიასგან” განსხვავებით, უნაი ემერის გუნდმა ხუთშაბათს ესპანეთის თასზე ითამაშა და დღევანდელი მატჩისთვის მოსამზადებლად ბევრად ცოტა დრო ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ “ესპანიოლთან” მატჩში უნაი ემერმა რამდენიმე ლიდერი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, მეორე ნახევარში შეხვედრის მიმდინარეობის გამო მათი გამოყვანა მაინც მოუწია და მათი დასვენება სრულყოფილად არ გამოუვიდა.
უნაი ემერი წლების განმალობაში მეტოქის მთავარი მწვრთნელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ “ვალენსიაში” ბევრი რამ შეიცვალა, მაინც ბევრი რამ იცის ყოფილ კლუბზე. “სევილია” უშუალო კონკურენტს ერთი ქულით უსწრებს და დღეს გამარჯვების შემთხევევაში სერიოზულ ფორას მოიპოვებს. პრინციპული შეხვედრის წინ, “დალაქებს” ტრავმის გამო კროსტოფორო, რეიესი და ტრემულინასი დააკლდებათ, ხოლო სტეფან მ’ბია აფრიკის თასზე სათამაშოდ იმყოფება.
უნაი ემერი დაცვის ცენტრს კარისო-პარეხა დუეტს ანდობს, ხოლო ფლანგებზე ვიდალი და ფერნანდო ნავარო იმოქმედებენ. ნახევარდაცვის ცენტრს კრიშოვიაკი და იბორა გაამაგრებენ, რომელთა წინ ევერ ბანეგა გაირჯება, რომელიც წლების განმალობაში “მესტალიაზე” გამოდიოდა, თუმცა დღეს კარგ დახვედრას არ უნდა ელოდოს. ნახევარდაცვის ფლანგებზე დენის სუარესი და ჟერარ დეულოფეუ ითამაშებენ, ხოლო წინ ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი კარლოს ბაკა იასპარეზებს.
წამყვან კლუბებთან “სევილიას” ნორმალური მაჩვენებელი აქვს. ანდალუსიელებმა შინ “ვილიარეალისა” და “მალაგას” დამარცხება მოახერხეს, ხოლო “ვალენსიასთან” ფრედ ითამაშეს. სამაგიეროდ, ოთხბურთიანი სხვაობით განადგურდნენ “ბარსელონასთან” და “ატლეტიკოსთან” ჩატარებულ საგარეო შეხვედრებში. მადრიდის “რეალთან” კი, ჯერ არ უთამაშიათ.

მსაჯი


მე-20 ტურის ცენტრალურ შეხვედრას 35 წლის სანტიაგო ხაიმე ლატრე განსჯის. არაგონელი არბიტრი ლა ლიგის შეხვედრებს 2014-წლიდან უძღვება.

ურთიერთშეხვედრები

კლუბები დღეს 213-ე შეხვედრას გამართავენ ერთმანეთში. საერთო სტატისტიკის მხრივ, “ვალენსიას” მცირე უპირატესობა აქვს – 95 მოგება, 36 ფრე და 81 წაგება. ბურთების შეფარდება: 369 გატანილი და 315 გაშვებული.
“მესტალიაზე” ჩატარებულ მატჩებში კი, “ღამურების” უპირატესობას აშკარაა. 104 შეხვედრაში 74 გამარჯვება, 15 ფრე და 15 წაგება.
პირველ წრეში “სანჩეს პისხუანზე” გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია (4-2-3-1):
ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, გაია, კანსელო, ფუეგო, პარეხო, ე.პერესი, ა.გომეში, როდრიგო, ნეგრედო.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

სევილია (4-2-3-1): ბეტო, კარისო, პარეხა, ფ.ნავარო, ვიდალი, კრიშოვიაკი, იბორა, ბანეგა, დ.სუარესი, დეულოფეუ, ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112303