რაგბი

16:47 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟვანიამ 4-წლიანი გააფორმა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და პარიზის “სტად ფრანსეს” პირველხაზელმა ზურაბ ჟვანიამ, საკუთარ კლუბთან ახალ, 4-წლიან პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

Top 14-ის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა, გამოცდილ მორაგბეებთან კონტრაქტებს ნოემბერში გადახედა, ახლა ჯერი ახალგაზრდობაზე მიდგა და ერთ-ერთი პირველი 23 წლის ჟვანია იყო. ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილმა მოთამაშემ, გარკვეული პერიოდი ქუთაისის “აიაში” გაატარა და “სტად ფრანსეს” “ესპუართა” გუნდს 2011 წლიდან მიაშურა. მომდევნო სეზონიდან ის გუნდს ნელ-ნელა გაუშინაურდა და მიმდინარე გათამაშებაში გუნდის ლიდერად იქცა.

ზურამ Top 14-ის წლევანდელი სეზონის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 ლელო გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ორივე ლელომ - “ბორდოსთან” და “ტულონთან”, პარიზელებს პრემიალური ქულა მოუტანა. გარდა ამისა, ქართველმა პირველხაზელმა, რომელიც წელს როგორც ბურჯის, ასევე კვაჭის პოზიციაზეც თამაშობდა, მეორე დონის ევროპის საკლუბო ტურნირ ჩელენჯ ქაფის 5 თამაში ჩაატარა და დღესაც კვაჭის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაშია.

ეროვნულ გუნდში ჟვანიას დებიუტი 2013 წელს ესპანეთის ნაკრებთან შედგა, მას შემდეგ 13-ჯერ მოირგო ნაკრების კვართი და 2 ლელო გაიტანა. მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ის 2015 წლის ერთა თასის მატჩებისთვის გამოიძახა და იქვე აღნიშნა, რომ ამჯერად ზურას კვაჭის პოზიციაზე ათამაშებს.

0.132368