რაგბი

20:48 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ახალი მაისურებით და ინგლისური გაკვეთილებით

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის “ლელო-სარასენსი” სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის ემზადება და ამ ეტაპზე პლეი ოფში სასურველი პირველი-მეორე ადგილით გასვლას გეგმავს.

გუნდი დარჩენილ შეხვედრებს ახალი მაისურებით ჩაატარებს, რომლებიც ინგლისურმა “სარასენსმა” სპეციალურად “ლელო-სარასენსისთვის” დაამზადებინა. გარდა ამისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და შერკინების მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი იმ ცოდნის გამოყენებას ეცდებიან, რომელიც მათ ბრიტანეთში გატარებული 10-დღიანი სტაჟირებისას შეიძინეს.

“ლელო-სარასენსის” დიდი დიღმის ახალ ბაზაზე, სადაც თამაშები მხოლოდ მომდევნო სეზონიდან თუ ჩატარდება, კლუბმა ახალი ფორმების პრეზენტაცია მოაწყო, მაისაშვილმა კი, ინგლისში გატარებულ დღეებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ლევან მაისაშვილი: “მე და მიხეილ სუჯაშვილი სარასენსის ბაზაზე 10 დღე ვიმყოფებოდით კვალიფიკაციის ასამაღლებლად. დავესწარით ამ გუნდის ორი თამაშს “ლონდონ აირიშთან” და “გლოსტერთან”. საგულისხმოა, რომ მთელი ეს პერიოდი სრულად ვიყავით ჩართული გუნდის მომზადებაში, ვიდეო ანალიზში და უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მივიღეთ. უცხოურ კლუბებში სტაჟირებებზე აქამდეც ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი მასშტაბის ვიზიტი არასდროს მქონია.

დაბრუნების შემდეგ, იქ მიღებული ინფორმაციით გუნდს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის ვამზადებთ. ახალ წლებზე მხოლოდ 7 დღე დავისვენეთ და ფიზიკური და ტექნიკური მზადება განვაახლეთ. ეროვნული ნაკრების წევრები ცალკე ემზადებოდნენ, დანარჩენებს ჩვენი გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი ავარჯიშებდა. გუნდში საბრძოლო განწყობაა, პირველი თამაში 31 იანვარს, რუსთავში “ხარებთან” გვიწევს. ეს იქნება ურთულესი და უპრინციპულესი შეხვედრა, რომლის შედეგსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვეცდებით პლეი ოფში სასურველი ადგილით შევიდეთ”.

-“ლელო-სარასენსში” “სარასენსის” რომელიმე მოთამაშეს ხომ არ ვიხილავთ?

- ამის შესაძლებლობა გვაქვს და იმ 9 კლუბს, რომელთანაც “სარასენსს” მსგავსი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ინგლისელი მორაგბეები არაერთხელ გამოუყენებიათ. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ფინანსური შესაძლებლობა, რომ ვინმე ჩამოვიყვანოთ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მსგავსი რამ არ იგეგმება და მერე ვნახოთ.

- სამომავლოდ “სარასენსთან” ერთად მოსამზადებელი ეტაპის გავლა ხომ არ იგეგმება?

- აქაც ფინანსებია გადამწყვეტი. შეიძლება “სარასენსის” მეორე გუნდის მოწვევა, ან ინგლისში ჩასვლა და მათთან თამაში, მაგრამ ამას უზარმაზარი ფინანსები უნდა, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. თუ რომელიმე ჩვენი მოთამაშე თავს გამოიჩენს, მასაც ექნება “სარასენსის” მეორე გუნდში, ან აკადემიაში გამგზავრების შანსი, მაგრამ ამისათვის გარკვეულ დონეს უნდა აკმაყოფილებდეს. იქ თამაშობს აშშ-ს 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბე, ასევე მეორე გუნდშია რუმინელი ფერკუ და სავარაუდოდ ზაფხულში, იქაურ აკადემიაში ორი კვირით ჩვენი კლუბის რომელიმე ნიჭიერი მორაგბე გაემგზარება.

გიორგი კაჭარავა (“ლელო-სარასენსის” კაპიტანი): “ცვლილებები შარშანდელი ჩემპიონობის შემდეგ დაიწყო. “ლელო” და “სარასენსი” დამეგობრდნენ და ეს პროგრესს ემსახურება. კლუბი ზრუნავს ახალგაზრდა მორაგბეების განვითარებაზე. დიდ დიღომში გვაქვს ახალი ბაზა, “ლელო-სარასენსში” უმეტესად დიდდიღმელი მორაგბეები თამაშობენ და ტიტულის დაცვას ვეცდებით. მთავარია პლეი ოფში სასურველი ადგილით გავიდეთ და იქ თამაშების მოგების დიდი გამოცდილება გვაქვს”.

ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსის ვიცე-კაპიტანი): “ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან კავშირით უდიდეს გამოცდილებას შევიძენთ. სემინარები აქაც ჩატარდა და ჩვენი მწვრთნელებიც იყვნენ ინგლისში. ახლა გუნდი ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპისთვის ემზადება, სადაც ყველა თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მაქსიმალური შედეგის ჩვენებას ვეცდებით”.

0.120798