ფეხბურთი

18:05 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

განსხვავება – ცა და დედამიწა

ფეხბურთში ხშირია მომენტები, როდესაც წარმატებული ფეხბურთელები კარიერის დასრულების შემდეგ საფეხბურთო სცენიდან სამუდამოდ მიდიან. არის შემთხვევები, როდესაც სამწვრთნელო ასპარეზზე ჩნდებიან და წარმატებას იქაც აღწევენ. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დიდი ფეხბურთელები სამწვრთნელო საქმიანობაში წარმატებას საერთოდ ვერ აღწევენ.

დღეს, სწორედ ასეთ შემთხვევებზე ვისაუბრებთ. ჩვენ გამოვარჩიეთ რამდენიმე გენიალური ფეხბურთელი, რომლებმაც სამწვრთნელო პროფესიაში სრული კრახი განიცადეს და სცენიდან უკვალოდ გაქრნენ.

დიეგო მარადონა – უდიდესი ფეხბურთელი. თუმცა მისი სამწვრთნელო კარიერა წარუმატებელი გამოდგა. რამდენიმე გუნდში უშედეგო მუშაობის შემდგომ, მან წარმატებას ვერც არგენტინის ნაკრებში მიაღწია. ყველაფერს ხაზი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიასთან მარცხის შემდეგ გადაესვა.

მარკო ვან ბასტენი – “ოქროს ბურთის” სამგზის გამარჯვებული, როგორც ფეხბურთელი. მისი სამწვრთნელო კარიერა კი ძალზე წარუმატებელი გამოდგა. 2006 და 2008 წლებში ჰოლანდიის ნაკრებმა მისი თაოსნობით წარმატებას ვერ მიაღწია. შემდგომ კი მარკომ ვერც “აიაქსს”, “ჰერენვენსა” და “ალკმაარს” მოუტანა წარმატება.

რუუდ გულიტი – კიდევ ერთი ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომლის სამწვრთნელო კარიერა ვერ აეწყო. 1988 წლის ევროპის საუკეთესო მოთამაშემ უშედეგოდ “ჩელსიში”, “ნიუკასლში”, “ფეიენოორდსა” და “ლოს ანჯელეს გალაქსიში” იმუშავა.

მიშელ პლატინი – 80-იანი წლების საუკეთესო ფეხბურთელმა სამწვრთნელო ასპარეზზე ვერაფრის გახერხება შეძლო. უეფას ამჟამინდელი პრეზიდენტი საფრანგეთის ნაკრებს 1988 წლიდან ჩაუდგა სათავეში, მაგრამ ორი წლის შემდგომ გასამართ მუნდიალზე გუნდი ვერ გაიყვანა. 1992 წელს კი წარუმატებელი ევროპის ჩემპიონატის შემდგომ პლატინი მწვრთნელობას შეეშვა.

ზბიგნევ ბონიეკი – პოლონეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მისი სამწვრთნელო კარიერა წარმატებული ვერ გამოდგა. ბონიეკმა სხვადასხვა პერიოდში უნიათოდ იმუშავა “ლეჩეში”, “ბარისა” და პოლონეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე.

ლოთარ მათეუსი – მსოფლიოს ჩემპიონატების 5-გზის მონაწილე და ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის კარიერა სათადარიგო სკამიდან მეტად წარუმატებელი გამოვიდა. მათეუსმა ძალები უამრავი გუნდის თავკაცის რანგში სცადა, თუმცა შედეგი არ შეცვლილა. მათეუსმა, როგორც მწვრთნელმა ვერ ივარგა.

ხრისტო სტოიჩკოვი – ბულგარეთის ფეხბურთის გამორჩეული წარმომადგენელმა სამწვრთნელო პროფესია ვერ გაითავისა. სტოიჩკოვმა ერთნაირად წარუმატებლად იმუშავა ვიგოს “სელტას”, “ლიტექსისა” და სოფიის “ცსკას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ენცო შიფო – გამორჩეული ბელგიის თაობის გამორჩეული წარმომადგენელი. თუმცა, როგორც მწვრთნელმა მან წარმატებას ვერ მიაღწია. შიფომ უშედეგოდ იმუშავა “შარლერუას”, “ტუბიცეს”, “მუსკრონისა” და “მონსის” თავკაცის რანგში.

რუდი ფიოლერი – შესანიშნავი გერმანელი თავდამსხმელის სამწვრთნელო კარიერა თითქოს წარმატებით დაიწყო. 2002 წელს გერმანიის ნაკრებმა მუნდიალზე მეორე ადგილი ირგუნა, თუმცა ორი წლის თავზე გუნდი ევროპირველობის ჯგუფში ჩარჩა. შემდგომ ფიოლერმა წარუმატებლად იტალიურ “რომაში” იმუშავა და მწვრთნელობას შეეშვა. მან ამ პროფესიას სპორტული დირექტორობა ამჯობინა.

პიერლუიჯი კაზირაგი – რომის “ლაციოს”, “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების წარმატებული თავდამსხმელის სამწვრთნელო კარიერა ვერადავერ აეწყო. კაზირაგიმ 4 წლის განმავლობაში წარუმატებლად იმუშავა იტალიის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცის პოსტზე.

ჩირო ფერარა – 90-იანი წლების ერთ-ერთმა გამორჩეულმა მცველმა სამწვრთნელო კარიერა მარჩელო ლიპის შეგირდობით დაიწყო. თუმცა ფერარამ ცალკე ვერაფერს მიაღწია. მან წარუმატებლად მოიარა “იუვენტუსი”, “სამპდორია” და იტალიის ახალგაზრდული ნაკრები.

ალესანდრო კოსტაკურტა – გენიალური “მილანის” გენიალური დაცვის ხაზის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი. სამწვრთნელო კარიერა მან მოკრძალებულ “მანტოვაში” დაიწყო, თუმცა შედეგის ვერმიღების შემდგომ ამ საქმიანობას შეეშვა და საფეხბურთო მიმომხილველი გახდა.

მარკო ტარდელი – კიდევ ერთი გენიალური იტალიელი, როგორც ფეხბურთელი. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა წარუმატებლად იმუშავა მილანის “ინტერში”. ყველაზე დასამახსოვრებელი “ნერაძურის” თავკაცის პოსტზე მილანურ დერბიში განცდილი მარცხი გახლდათ, ანგარიშით – 0:6. ერთადერთი რაც ტარდელიმ გაახერხა იყო ის, რომ იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს კონტინენტის პირველობა მოაგებინა 2000 წელს. შემდგომ წლებში ტარდელი ჯოვანი ტრაპატონის თანაშემწედ მუშაობდა.

პოლ ინსი – 90-იანი წლები გამორჩეული ინგლისელი ნახევარმცველისთვის მწვრთნელობა უცხო ხილი გამოდგა. ინგლისის ქვედა ლიგებში წარუმატებელი მოღვაწეობის შემდგომ მან წარმატებას ვერც “ბლექპულში” მიაღწია.

ჯენარო გატუზო – მოედანზე ბრძოლისუნარიანობით სახელგანთქმულმა ჯენარო გატუზომ ჯერჯერობით იგივენაირად თავი სამწვრთნელო საქმიანობაში ვერ გამოიჩინა. ახალგაზრდა სპეციალისტმა უკვე მოასწრო უკვალოდ დაეტოვებინა შვეიცარიული “სიონი”, იტალიური “პალერმო” და ბერძნული “ოფი”.

0.11559