ფეხბურთი

19:52 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ერთგულება მწვანე მინდვრიდან

ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელსაც ადამიანები გვაყვარებენ. ადამიანები, რომლებიც მწვანე მინდორზე საოცრებებს სჩადიან. მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებიც გულშემატკივარს ამახსოვრდება, როგორც არამხოლოდ ფეხბურთელი, არამედ ადამიანი, უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მაისურში გამოწყობილი რობოტი...

დღევანდელი ჩვენი სტატია იმ ადამიანებს ეძღვნება, რომლებმაც საკუთარი კარიერის მთლიანი თუ არა უმეტესი წლები მაინც, ერთ გუნდს დაუკავშირეს და თავისი სახელი, თავიანთი გუნდის ისტორიას გაუთავისეს. 10 გამორჩეული მოთამაშე, 10 ყველაზე ერთგული ფეხბურთელი, რომლებმაც საკუთარი სახელი უკვე დატოვეს ისტორიაში.

პაოლო მალდინი (“მილანი”, იტალია)

დღევანდელ სტატიას სიმბოლურად სწორედ გენიალური იტალიელით დავიწყებთ. დღეს, 20 იანვარია, ზუსტად 30 წლის წინ, სწორედ ამ დღეს მოირგო პირველად იტალიის ჩემპიონატში თავისი გუნდის მაისური მაშინ ჯერ კიდევ 16 წლის პაოლო მალდინიმ. მას შემდეგ თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა მცველმა “მილანს” 24 წელი შესწირა და გუნდის თითქმის ყველა სახის რეკორდსმენი შეიქნა. მალდინიმ სერია A-ში 647 მატჩი გამართა. ამდენჯერ კი იტალიის მთავარ ლიგაში არავის უთამაშია. პაოლომ გუნდთან ერთად 5-ჯერ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი (ორჯერ კაპიტნის რანგში). კლუბთან ერთად ყველა შესაძლო ჯილდო დაისაკუთრა, რისი მოგებაც შეიძლებოდა. 2009 წლის შემდეგ, იტალიურმა გრანდმა ხმარებდან მალდინის ნაქონი 3-ნომრიანი მაისური ამოიღო. მისი ჩაცმის უფლება მხოლოდ უმცროს მალდინის შეეძლება, რომელიც “როსონერის” ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობს. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს მამის სახელს პატარა მალდინი... ბევრისთვის დღესდღეობით, “მილანი” და პაოლო მალდინი ერთდაიგივე ცნებებია.

რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი”, უელსი)

პაოლო მალდინის დარად, ერთ გუნდს მიუძღვნა კარიერის 24 წელი უელსელმა რაიან გიგზმაც. სერ ალექს ფერგიუსონმა მარცხენა ფლანგელ ახალგაზრდა ბიჭში დიდი მომავალი დაინახა და 17 წლის ასაკში “წითელი ეშმაკების” მთავარ გუნდში უხმო. ასე დაიწყო მისი მანჩესტერული საგა, რომელიც შარშან გახაფხულზე დასრულდა. 1990-2014 წლებში რაიანმა მხოლოდ ინგლისურ პრემირლიგაში გუნდის ღირსება 672-ჯერ დაიცვა და მეტოქეებს 100-ზე მეტი გოლი გაუტანა, რაც ნახევარმცველისთვის გენიალური შედეგია. რაიან გიგზმა “მანიუს” რიგებში 2-გზის უწია ევროპულ მწვერვალს. აღსანიშნავია, რომ იგი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ასისტმენია. დღეისათვის რაიან გიგზი ინგლისური გუნდის სამწვრთნელო შტაბშია დასაქმებული.

იკერ კასილიასი (“რეალი”, ესპანეთი)

1999 წელს, 18 წლის ასაკში დაწყებული სიყვარულის ისტორია დღემდე დაუსრულებელია. უკვე მე-16 წელია იკერ კასილიასი მსოფლიოს გამორჩეული გუნდის კარს საიმედოდ იცავს. სულ მალე იკერს საიუბილეო დღე ექნება. მას ესპანურ პრიმერადივიზიონში მე-600 შეხვედრამდე მცირედიღა აშორებს. იკერი მადრიდული გრანდის ნომერ პირველ მეკარედ სტაბილურად 2002 წლიდან ჩამოყალიბდა. მანამდე იგი ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდა, მაგრამ არასტაბილურად. ყველაფერი კი 2002 წლის გაზაფხულზე გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალმა შეცვალა, რომელშიც კასილიასი შეუდარებლად გაისარჯა. ლეგენდარული ფეხბურთელი 2010 წლიდან მოყოლებული გუნდის კაპიტნის სამკლავურსაც ატარებს და ქომაგების ნამდვილი კუმირია. მადრიდელი “ინჩადა” ერთობ გაღიზიანებული შეხვდა ჟოზე მაურინიოს გადაწყვეტილებას 2013 წელს, როცა იკერი სათადარიგო სკამზე დასვა. მაგრამ ვეტერანმა მეკარემ რთული პერიოდი დასძლია და ახლა ისევ კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა.

კარლეს პუიოლი (“ბარსელონა”, ესპანეთი)

კიდევ ერთი ესპანელი, რომელმაც მთელი კარიერა მხოლოდ ერთ გუნდში გაატარა კარლეს პუიოლია. 1999 წელს, საკმაოდ მოზრდილი, 21 წლის თმახუჭუჭა ბიჭის დებიუტი შედგა “ბარსელონას” რიგებში. მას მერე მან კიდევ 15 სრული სეზონი გაატარა გუნდში და 2003 წლიდან კაპიტნობდა კიდეც. პუიოლი იმ გუნდის დაცვის მთავარი ღერძი გახლდათ, რომელიც საფეხბურთო ისტორიაში თავისი სახელით სამუდამოდ შევიდა. ესპანურ პრიმერადივიზიონში კარლესმა 400-მდე მატჩი გამართა. თავიდან იგი კარიერას, როგორც მეკარე იწყებდა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეიცვალა და მარჯვენა მცველად მოგვევლინა. საბოლოოდ მისი სახელი მაინც ცენტრალურ მცველთან ასოცირდება, სწორედ ამ პოზიციაზე გამოავლინა თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად. კარლეს პუიოლმა საფეხბურთო კარიერა გასულ გაზაფხულს დაასრულა.

ფრანჩესკო ტოტი (“რომა”, იტალია)

ფრანჩესკო ტოტის დებიუტი “რომაში” ჯერ კიდევ 1992 წელს შედგა. აგერ უკვე 23 წელია მისი და დედაქალაქური გუნდის რომანი ერთგულად გრძელდება. ტოტის სხვადასხვა პერიოდში ბევრი ურჩევდა გუნდის შეცვლას, ბევრი სარფიანი შეთავაზებაც ჰქონია, მაგრამ “პუპონე” “რომას” ერთგულად დარჩა. ასე მოვიდა იგი აქამდე. ტოტიმ კლუბის თითქმის ყველანაირი რეკორდი დაამხო და კლუბის ისტორიაში უდიდეს ფეხბურთელად დამსახურებულად ჩამოყალიბდა. მას დღეისთვის სერია A-ში 239 გოლი აქვს გატანილი, რაც მთლიანად იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში მეორე შედეგია. ტოტის კალჩოს მთავარ ლიგაში ჩატარებული მატჩების მხრივაც საოცარი მაჩვენებელი გააჩნია - 575 შეხვედრა. ამ მხრივ იგი მხოლოდ ჯანლუკა პალიუკას, ხავიერ ძანეტისა და პაოლო მალდინის ჩამორჩება. ფრანჩესკო კარიერის დასრულებას ჯერ არ გეგმავს და ვინძლო სულ მალე ამ რეკორდებსაც წაეთამაშოს.

სტივენ ჯერარდი (“ლივერპული”, ინგლისი)

1997 წელს გაფორმებული პირველი პროფესიონალური კონტრაქტის შემდეგ სტივენ ჯერარდი “ლივერპულის” უდიდესი ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა. მისი დებიუტი კი ოდნავ მოგვიანებით, ერთი წლის შემდეგ შედგა. სტივენ ჯერარდი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანიც გახდა. 2003 წელს, მან სემი ჰიიპიასგან ჩაიბარა კაპიტნის სამკლავური, მაშინ კი ინგლისელი მხოლოდ 23 წლისა გახლდათ. ჯერარდის და “ლივერპულის” საუკეთესო მოგონება კი ალბათ მაინც 2005 წლის გაზაფხულს და სტამბულს უკავშირდება. სწორედ იქ მოიგო მან ჩემპიონთა ლიგა, რაც დიდწილად სწორედ მისი დამსახურება იყო. სტივენის კარიერის აქილევსის ქუსლი სამუდამოდ დარჩება ინგლისის პრემიერლიგის ვერმოგება, სამუდამოდ, რადგან სულ ცოტა ხნის წინ ჯერადმა ამერიკულ “ლოს ანჯელეს გალაქსთან” წინასწარი კონტრაქტი გააფორმა და ზაფხულიდან სწორედ ოკეანის მიღმა განაგრძობს თავის დიდებულ კარიერას. “ენფილდ როუდზე” კი მე-8 ნომერი გენიოსი კიდევ არაერთხელ გაახსენდებათ.

ალესანდრო დელ პიერო (“იუვენტუსი”, იტალია)

1993 წელს, ჩია ტანის შემტევი ალესანდრო დელ პიერო იტალიურმა გიგანტმა “იუვენტუსმა” არაფრით გამორჩეული “პადოვასგან” შეიძინა. დელ პიეროს მომავალს ტურინში ალმაცერად უყურებდნენ, რადგან მის გასავლელ გზაზე იმხანად რობერტო ბაჯო ბრწყინავდა. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ რობერტოს “იუვეს” დატოვება მოუხდა. მისი წასვლა კი ახალგაზრდა დელ პიერომ “ბებერ ქალბატონს” არათუ დაატყო, არამედ არც კი აგრძნობინა. დელ პიერომ გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. გახდა გუნდის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი. დელ პიერომ გუნდი არც გასაჭირში მიატოვა, როცა 2006 წელს, მსოფლიოს ჩემპიონი თავდამსხმელი, ცნობილი სკანდალის შემდეგ სერია ბ-ში დაქვეითებულ გუნდში დარჩა. მან თავისი გადაწყვეტილება მოგვიანებით, ლაკონურად, მაგრამ ორიგინალურად ახნა – “ნამდვილი კავალერი არასდროს ტოვებს თავის ქალბატონს”, ეს იყო პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ დატოვა მან “იუვენტუსი” ე.წ “კალჩოპოლის” შემდეგ. ალექსმა “შავ-თეთრი” მაისური 705 მატჩში მოირგო და მეტოქეები 290-ჯერ დაამწუხრა. დელ პიეროს ტურინიდან აბარგება 2012 წელს მოუწია, ისე რომ ერთი ზედმეტი სიტყვაც კი არ დასცდენია, მიუხედავად იმისა, რომ იგი აშკარად მეტ დაფასებას იმსხურებდა გუნდისგან, თუმცა ზოგჯერ ყველაფერი დაფასებული ვერ რჩება... სამაგიეროდ, ალექსმა სამუდამოდ დაუტოვა წარმოუდგენელი მოგონებები ტურინელ ქომაგებს და მისი სახელი მათ გულებში ამოქარგა.

რაული (“რეალი”, ესპანეთი)

მადრიდის “რეალის” ისტორიაში უამრავ გენიალურ ფეხბურთელს უასპარეზია, მაგრამ ვერცერთის სიყვარული მივა იმასთან, რაც “გალაქტიკოს” ქომაგებს რაულ გონსალეს ბლანკოს მიმართ აქვთ. რაულის მადრიდული დებიუტი 1994 წელს, 18 წლის ასაკში შედგა. ფეხბურთელს ასაკის მიუხედავად გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება არ გასჭირვებია. რაულმა გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო, სადაც კი უთამაშია. მათ შორის სამჯერ ჩემპიონთა ლიგა. 2000 და 2002 წლებში ფინალურ შეხვედრებში თავის გამოჩენაც შეძლო. 2003 წლიდან კი გუნდის კაპიტანი გახდა. ასე გრძელდებოდა 2010 წლამდე, მანამ, სანამ “რეალის” ხელმძღვანელობამ დაუფასებლობის მორიგი “შედევრი” არ გამოაცხო და ფეხბურთელი გელზენკირხენის შალკეში” გაასხვისა. გონსალეს ბლანკო გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარიდირია.

ჩავი (“ბარსელონა”, ესპანეთი)

ერთგულებით კიდევ ერთი ესპანელი გამოირჩა. საუბარი კატალონიელ ჩავი ერნანდესზეა. 1998 წელს, 18 წლის ბიჭის გამოჩენა კატალონიაში ბევრს გაუკვირდა. ახლა კი ჩავი ამ უდიდესი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად მიიჩნევა. “ბარსელონამ” 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში ნამდვილი ეპოქალური ფეხბურთი შესთავაზა გულშემატკივრებს და ეს ნამდვილად ვერ შედგებოდა ამ ფეხბურთელის გარეშე. “ბარსელონას” თითოეული შეტევა სწორედ მისით იწყებოდა, იწყებოდა თანაც გასაოცრად. ჩავის პრიმერაში დღეისთვის 488 მატჩი აქვს გამართული და სავარაუდოდ სულ მალე ხუთასეულ მაჩვენებელსაც მიაღწევს. ბევრის ვარაუდით, ეს სეზონი მის გენიალურ კარიერაში ბოლო იქნება “ბარსელონას” ფეხბურთელის რანგში, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ შორია და იქნებ ფეხბურთელი და გუნდი შეთანხმდნენ. “ბარსა” ნამდვილად ძნელი წარმოსადგენი იქნება მის გარეშე.

ხავიერ ძანეტი (“ინტერი”, არგენტინა)

მილანის “ინტერის” ქომაგებისთვის ხავიერ ძანეტი ძალიან ბევრს ნიშნავს, იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი ან თუნდაც კაპიტანი. ხავიერის მილანური თავგადასავალი 1995 წელს დაიწყო და მთელი 19 წელი გასტანა. ძანეტი კლუბის ისტორიაში ჩატარებული მატჩების მხრივ ყველა ტურნირზე რეკორდსმენი გახდა. გუნდთან ერთად კი ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. დაუვიწყარი გამოდგა 2009-2010 წლების სეზონი, როცა “ნერაძურიმ”ვეტერანი კაპიტნის ხელმძღვანელობით ე.წ. “ტრიპლეტი” შეასრულა. ხავიერ ძანეტის სერია A-ში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მხოლოდ პაოლო მადლინი უსწრებს. ძანეტისა და “ინტერნაციონალეს” საოცარი ისტორია წარსულს 2014 წლის გაზაფხულზე ჩაბარდა, ჩაბარდა ოღონდ, როგორც ფეხბურთელის. ამჟამად 41 წლის სამხრეთამერიკელი კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და იქედან ცდილობს თავისი გუნდისთვის ძველი დიდების დაბრუნებას.

ჩვენი დღევანდელი ათეული რაღა თქმა უნდა არასრულია. კიდევ ბევრი ერთგული ფეხბურთელი და პიროვნებაა, რომელთა შესახებ შევეცდებით ახლო მომავალში გესაუბროთ, ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გაგრძელება იქნება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.207575