ბლოგი

10:53 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალექს ფერგიუსონის გასაუბრება საკუთარ თავთან

- იქნებ ვიჩქარე? იქნებ ცოტა ხანი ჯობდა, კიდევ გავჩერებულიყავი “იუნაიტედში?” - სულ ამას ვეკითხები ხოლმე ჩემს თავს, მაგრამ იმას რა ვუყო, მეც რომ ვბერდები ეს ოხერი? განა არ მინდოდა დასვენება? პატარა საქმე ხომ არაა მთელი ცხოვრება ამ გადარეული ფეხბურთელების დევნა და მათ გულისგულში ჩახედვა? არ ჩაიხედავ და ვერაფერს მიაღწევ, ჩაიხედავ და...

- შენ თვითონაც ხომ ხვდები, რომ წასვლის დრო იყო დამდგარი? განა ახლა აქვს აზრი იმაზე ნერვიულობას რაც წარსულია?

- იქნებ დავბრუნდე? ასე როგორ დავტოვო ის ბეჩავები და უბედურები? რომ ვუყურებ გული მიკვდება და სისხლი მეყინება ძარღვებში. ამ ორ წელიწადში ეგეთი რა უქნეს გუნდს, რომ “მანჩესტერია” თუ იაროსლავლის “შინიკი” – კაცი ვერ გაიგებს...

- სად უნდა დაბრუნდე კაცო? აკი დასვენება მინდაო? მეორედ მოხვიდე რა, ნიახური ხარ თუ მაიკლ ჯორდანი?

- დაბრუნება ისე ვთქვი, გულში გაფიქრების ამბავში, თორემ პატარა ხომ არა ვარ მამაძალი, ჩემხელები მოხუცთა პანსიონებში სოკოს სუპსა ხვრეპენ. მაგრამ აი გაფიცებ რა, ხომ ვარ ბებერი და ამბავი, მარა რომ დავბრუნდე, ერთ ჩემპიონობას როგორ ვერ გამოვაცხობ სამ წელიწადში? ერთს მაინც....

- ეგეთი ამბები მე არ ვიცი. მკითხავი ხომ გყავთ პრემიერლიგაში და იმას ჰკითხე...

- ვინაა ეს მკითხავი?

- ვინა და ეგ თქვენი ჟოზე მოურინიო. მაგას რომ უსმინოს კაცმა, ისიც კი იცის, დედამიწის გულისგულში რა ხდება და ვითომ ის არ ეცოდინება, თუ დაბრუნდები რას გააკეთებ?

- კაი რას ამბობ. ჟოზემ ეგ რო გაიგოს, პირველი დამიწყებს თათხვას. არ იცი რა საზიზღარი ვინმეცაა? ისე მაგის მოფერებას ისევ ბოღმიანი ლაპარაკები და ქვეშქვეშობა მირჩევნია. ეგ უფრო კარგად გამოსდის. მაგრამ ახლა ჟოზეზე მეტად იმაზე ვდარდობ, ამ ჩემს საცოდავ გუნდს რა ეშველება და თუ ეშველება საერთოდ რამე...

- ეშველება აბა რა იქნება! ”მანჩესტერ იუნაიტედი” ისე როგორ წაიქცევა, ყოველ ხუთ წელიწადში ერთი ტიტული მაინც რომ არ დადოს. განა შენამდე რა, ცუდი გუნდი იყო?

- მაგით რისი თქმა გინდა? მე მივიდოდი თუ არა, არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა?

- იმას ვამბობ, რომ ”მანჩესტერს” რაც არ უნდა უჭირდეს და სულ ერთმანეთზე სირისტიანი მწვრთნელები რომ დაახვიო, ბოლოს მაინც მოვა კაცი, რომელიც ტიტულებს მოიგებს. ეგაა ძმაო ტრადიცია, წარსული, შეძლება, პოპულარობა, ისტორია... აბა “სანდერლენდი” სულ შუაზე რომ გაიჭაჭოს, იზამს ვითომ რამეს ოდესმე? მეტი არაა ჩემი მტერი...

- ახალი მწვრთნელი რომ ვურჩიო დირექტორატის ხალხს? ხომ იცი, ჩემი სიტყვისა სჯერათ...

- მაინც ვინ უნდა ურჩიო? ვინც ურჩიე, იმან ხომ ააშენა იქაურობა.

- არ დააცადეს ბაბუ, არა. ამათ ჰგონიათ ტიტულები უცებ თავისით უნდა დაიყაროს. ჩემთვისაც რომ არ დაეცდიათ თავიდან, თქვენ გგონიათ დიდი ხანი გავძლებდი “მანიუს” მწვრთნელის სკამზე? ინგლისელები რომ ესპანელებივით სულსწრაფები გახდნენ, მე ეგ უფრო მგონია დიდი უბედურება, თორემ როცა იქნება ყველაფერს ეშველება.

- ”იუნაიტედის” თამაშებს სულ მარტო რატომ უყურებ ხოლმე? ვინმესი გერიდება, თუ როგორაა ეგ ამბავი?

- არაა ეგ შენი საქმე? მე უფრო კარგად ვიცი რასაც ვიზამ.

- კაი ახლა, შენ გგონია არ ვიცი, ცრემლებსაც კარგად რომ აღვარღვარებ ფეხბურთის ცქერის დროს? რამ გაგაგულჩვილა ეს მრავლისმნახველი კაცი...

- აბა ერთი შენა მჯდარიყავი იმ სკამზე ამდენი წელი და სიბერეში რაც მოგივიდოდა, მაგასაც ვნახავდი...

- დაგავიწყდა? მეც სულ მანდ არ ვიყავი კაცო?

- ეჰ, იყავი და თან როგორ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115998