მიუნხენის “ბაიერნისა” და საფრანგეთის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ფრანკ რიბერი კლუბში თავისი დარჩენა-არდარჩენის თაობაზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, “მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში” მიიღებს.
ამის შესახებ მან სამშაბათს ფლორენციაში “ფიორენტინასთან” ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” ეს მატჩი 2:3 დათმო, მაგრამ, რაკი პირველ შეხვედრაში 2:1 ემარჯვა, მომდევნო ეტაპზე გავიდა...
“ჩემი მომავლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მარტის ბოლოს, აპრილის პირველ რიცხვებში შემეძლება – თქვა რიბერიმ – მინდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ისე წავიდე, რომ ამ მხრივ ყველაფერი მოგვარებული მქონდეს, ვინაიდან ეს ტურნირი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”
იმავდროულად, რიბერიმ აღნიშნა, რომ “ბაიერნში” თავს “ძალიან ბედნიერად” გრძნობს, და მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ გუნდი წარმატების მიღწევის შანსს ყველა შეჯიბრებაში ინარჩუნებს.
ფრანგ ვარსკვლავს “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტის ვადა 2011 წლის ზაფხულში გასდის, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მისი გადაბირების სურვილს უკლებლივ ყველა ევრობობოლა გამოხატავს, არ არის გამორიცხული, მიუნხენი მან უკვე ამ სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს.
თავად “ბაიერნის” ხელმძღვანელობას და გუნდის ჰოლანდიელ მწვრთნელ ლუის ვან გაალს, ცხადია, რიბერის შენარჩუნება სურთ.
“როცა ვუყურებდი, თუ როგორ აკეთებდა ყველაფერს, რათა “ფიორენტინასთან” შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო, ვფიქრობდი, აუცილებლად დარჩება-მეთქი. მაგრამ საკმარისი იყო, მერე გაზეთები წამეკითხა, ისევ ეჭვებმა შემიპყრო – თქვა ვან გაალმა – ასე გაგრძელება კი უკვე შეუძლებელია. თუკი ის წასვლას მოინდომებს, უნდა გავუშვათ. მისი გაყიდვიდან შემოსული თანხა “ბაიერნს” ძალიან გამოადგება.”