საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულმა ლიდერმა “ენერჯი-ინვესტმა”, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, 22 წლის ამერიკელი გამთამაშებელი დომენიკ ტოლფორდი დაიმატა.
რუსთაველთა ახალწვეული 1987 წლის 23 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლუისვილში დაიბადა. იგი აშშ-ს კოლეჯების ლიგაში თამაშობდა. სხვადასხვა წლებში “ცინტინატის”, “ნიუ მექსიკოს” და “იაგუარების” შემადგენლობაში გამოდიოდა.
ამპლუით გამთამაშებელი ტოლფორდი 178 სმ სიმაღლისაა და 77 კილოგრამს იწონის.
ამერიკელი კალათბურთელი უკვე საქართველოშია და “ენერჯისთან” ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
გთავაზობთ ინტერვიუს “ენერჯი-ინვესტის” მთავარ მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილთან, რომელსაც რუსთავში ტელეფონით დავუკავშირდით.
- მიუხედავად იმისა, რომ “ენერჯი-ინვესტს” გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელი არ ჰყავს, მეორე წრეში, ანატოლი ბოისას (მცველი) და გიორგი პირველაშვილის (ფორვარდი) შემდეგ, ამჯერად გამთამაშებელი დაიმატეთ ტოლფორდის სახით. არჩევანი გამთამაშებელზე რატომ შეაჩერეთ?
- ტრავმირებული გამთამაშებლების, ზურაბ მაჭავარიანისა (ხერხემალი აწუხებს) და მალხაზ აბაიშვილის (ფეხი გადაიბრუნა) შემდეგ, გამთამაშებლის პოზიციაზე დავით არწივიძის იმედად დავრჩით და ამიტომ გადავწყვიტეთ ამერიკელი კალათბურთელის დამატება. ფლეი ოფი ახლოვდება და ერთი გამთამაშებლის იმედად ნამდვილად ვერ ვიქნებით. რაც შეეხება ცენტრის პოზიციას, აქ კარგად თამაშობენ ზვიად ბაბიაშვილი, ჟოლივეტ ტუჯანი, აკაკი დვალიშვილი (სამივე მძიმე ფორვარდი) და ამ პოზიციაზე პრობლემები არ გვაქვს.
- ტოლფორდმა უკვე მოასწრო გუნდთან ერთად ვარჯიშის ჩატარება და საინტერესოა, თქვენზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?
- ერთი ვარჯიშიდან გამომდინარე, ძნელია სპორტსმენი სრულად შეაფასო. მიუხედავად იმისა, რომ იგი მგზავრობით გადაღლილი იყო, ჩემზე მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
- როგორ მოხვდა ტოლფორდი “ენერჯში”?
- ქართველ აგენტ ლევან მიქელაძის შუამავლობით
- ამერიკელი კალათბურთელი რუსთავში რა ხნით დარჩება?
- ისევე, როგორც “ენერჯი-ინვესტის” ყველა კალათბურთელი, ტოლფორდიც სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ვის თვლით თქვენი გუნდის გამოკვეთილ კონკურენტად?
- “ენერჯისთან” ერთად, პირველ ხუთეულში ( “ენერჯი-ინვესტი”, საუ, თსუ, “ბათუმი” შსს) შემავალი გუნდებიდან ყველას აქვს ფინალში გასვლის შანსი. ჩვენი გუნდის ფინალში გასვლის შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ვის შევხვდებით, რადგან ნებისმიერი მათგანის წინააღმდეგ, ძნელი მატჩების ჩატარება მოგვიწევს.
როლანდ ლაბუჩიძე