პროფლიგა ვალებს ისტუმრებს

10.03.2010 10:40
გიორგი ბერიაშვილმა (თეთრ მაისურში) გატანას მოუხშირაბადრი კეთილაძის ფოტო

პროფლიგა რიგით მეორე საჩემპიონატო “ფანჯარას” პირველზე გაცილებით პროდუქტიულად იყენებს. ქართლის სამი ქალაქი, თებერვლის პირველ რიცხვებში გამოტოვებულ 3 მატჩს უმასპინძლებს და “ზამთრის ვალიც” თითქმის დაიფარება (დარჩენილი “ლოკომოტივი”-“ოლიმპი”-თვის ალბათ რომელიმე სათასო დღეს გამოიყენებენ). განსაკუთრებულ ინტერესს ბოლნისური დაპირისპირება იწვევს, რომელშიც ცხრილის ფსკერისკენ დაძრული “სიონი” “დინამოს” უმასპინძლებს და ამ წელიწადში პირველი ოფიციალური გოლის გატანას შეეცდება. კიდევ ორ “სარეზერვო” შეხვედრაში, ფავორიტები (“ოლიმპი” და “ვიტ ჯორჯია”) თითქოს გამოკვეთილები არიან, მაგრამ სიურპრიზის მოლოდინი ორივეგან შეიძლება.              

10.03, 15:00. რუსთავი, “ფოლადი”.
“ოლიმპი” (რუსთავი) - “ბაია” (ზუგდიდი) (I წრე 2:1, II წრე 2:0)
დისკვალიფიცირებული:
ალექს ფრაგა (ოლიმპი); ლევან ვართაგავა, პაატა ბაკარანძე (ბაია).
მსაჯები: გიორგი კიკაჩეიშვილი; ზაზა მენთეშაშვილი, ლევან თოდრია; თამაზ გვანცელაძე.
ამ მატჩის კალენდარულ გრაფიკში გამართვის თარიღამდე (7 თებერვალი) ვწერდით - “ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ მატჩში სტუმრებმა ჩემპიონობისთვის მებრძოლ “ოლიმპთან” რაიმე გააწყონ. კი მართალია, რუსთაველებს უახლოეს მდევართან შვიდქულიანი ჰანდიკაპი ზოგჯერ მოდუნების საშუალებასაც აძლევს, მაგრამ არა გვგონია, თემურ მახარაძის გაწვრთნილებმა “ისე აიღონ ნამუსზე ხელი”, გათამაშების ერთ-ერთ სუსტ კოლექტივთან ქულები გაანიავონ”.
თუ სატურნირო ცხრილს თვალს შეავლებთ, შენიშნავთ, რომ მას შემდეგ მასში ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში, “ოლიმპსა” და “ზესტაფონს” შორის ფორმალური სხვაობა კიდევ 3 ქულით გაიზარდა; მეორე და მთავარი ზუგდიდელთა აღმასვლაა - ქომეთიანის გაწვრთნილმა “ბაიამ” სატურნირო მდგომარეობა გამოასწორა და ახლა “ოლიმპის” თანარეგიონელ “სიონთან” ერთად უწევს ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა. ასე, რომ თუ მახარაძის შეგირდებისთვის რეგიონის პრესტიჟი ძველებურად ძვირფასია, “ბაიასთან” საამსეზონო სტატისტიკის (ორიდან ორი მოგება) პროცენტული თანაფარდობა უცვლელი უნდა დარჩეს.  
      
10.03, 15:00. ბოლნისი, “თამაზ სტეფანია”.
“სიონი” (ბოლნისი) - “დინამო” (თბილისი) (I წრე 0:0, II წრე 2:0)
დისკვალიფიცირებული:
ნიკოლოზ ფირცხალავა, ედნილსონი (დინამო).
მსაჯები: ალექსანდრე კრიჭაშვილი; ზაზა ფიფია, არჩილ კოკაია; არსენ ნონიკაშვილი.
სეზონში დინამოელთა ორჯერ “გამამწარებელი” ბოლნისელები, კიდევ ერთხელ შეეცდებიან რეპუტაციის გამყარებას. თემურ მახარაძის (სწორედ მისი თავკაცობისას ითამაშა ორივე საამსეზონო შეხვედრა ბოლნისელებმა 13-გზის ჩემპიონებთან) გაწვრთნილ “სიონს” რომ სხვაგვარი თამაში შეეძლო, ამას ალბათ არც ქვემოქართლელთა ახლანდელი დამრიგებელი ხვიჩა ქასრაშვილი უარყოფს.
კახა კაჭარავას გაწვრთნილებისთვის “სიონი” სეზონში ერთადერთი ქართული გუნდია, ვის კარშიც გოლი არ გაუტანიათ. ბუნებრივია, ასეთი მოტივაცია, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდისთვის საკმარისია, რომ მატჩის მოსაგებად განეწყოს. თუმცა, ამის გარდა “დინამოს” მესამე ადგილზე თავის დამკვიდრების სურვილიც აქვს. იქედან კი, მეორე ადგილამდე, სადაც “ზესტაფონი” კარგა ხანია უძრავადაა, მხოლოდ 4 ქულა იქნება.
რაც შეეხება ბოლნისელთა მოტივაციას, იგი გაუარესებული სატურნირო მდგომარეობის გამოსწორების სურვილთან ერთად, ბოლო თამაშების ძალიან ცუდი სტატისტიკაა. “სიონში” ქასრაშვილის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ბოლნისელებმა ოფიციალური მატჩი რომ ვერ მოიგეს - ეს ერთია; მეორე და უფრო საგანგაშო ისაა, რომ - ქვემოქართლელებმა მეტოქის კარში გოლი ვერ გაიტანეს. არადა, კლუბის ხელმძღვანელობა წარსულში მრისხანე ფორვარდის ლევან მელქაძის დამატების შემდეგ იმედიანად იყო.
გუნდებს ეროვნული თასის შეხვედრათა ჩათვლით, ერთმანეთში 39 მატჩი აქვთ გამართული - აქედან 32-ჯერ “დინამომ” მოიგო, სამჯერ “სიონმა” (ბურთების სხვაობა 97:19

10.03, 15:00. თბილისი, “ამერი”.
“გაგრა” - “ვიტ ჯორჯია” (თბილისი) (I წრე 4:0, II წრე 1:5)
დისკვალიფიცირებული:
გიორგი გულორდავა, თორნიკე შალიკაშვილი (გაგრა); დავით ლომაია (ვიტ ჯორჯია).
მსაჯები: დავით ხარიტონაშვილი; მამუკა ელიკაშვილი, გურამ ჩიგოგიძე; მამუკა ურუშაძე.
“ვიტ ჯორჯია” ის გუნდი აღარაა, რაც ზამთრის შუასასეზონო მზადებისას იყო. გელა გომელაურმა გუნდში დაბრუნებული ირაკლი კლიმიაშვილი და ლუკა რაზმაძე კვლავ ძირითადს დაუბრუნა. ამას გიორგი ბერიაშვილისთვის მეტი სათამაშო პრაქტიკის მიცემაც დაემატა და “ვეტერინარები” ძველებურად ანგარიშგასაწევი ძალას წარმოადგენენ. კი მართალია, თბილისელებს წლეულს არ წაუგიათ, მაგრამ “სიონთან” (0:0) და “სამტრედიასთან” (1:1) დაკარგულმა ქულებმა, ოქროს თუ არა, სეზონის ბოლოს ბრინჯაო-ვერცხლის ელფერი შეიძლება შეიძინონ.
“ვიტელებს” ამჟამინდელი მეტოქისაგან ჩემპიონატის დასაწყისში გამოსაფხიზლებელი მარცხი (0:4) აქვთ ნაწვნევი. “გაგრას” მეორე წრეში ადეკვატური რევანში კი აგემეს, მაგრამ შარშან სტაბილურობის “ეტალონად” შერაცხული გუნდისთვის ზემოთ ნახსენები ჩავარდნა არცთუ შესაფერი იყო. გაგრელები კი, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ცხრილის ბოლო ადგილს ნელ-ნელა ეჩვევიან. “დიდ” ფეხბურთში შებიჯების მსურველ ახალგაზრდა გაგრელებს ალბათ დრო სჭირდებათ, რომ “გაიხსნან” და ბრძოლასთან ერთად შედეგიც აჩვენონ.
 

გუნდი
1 ოლიმპი 22 16 5 1 47-13 53
2 ზესტაფონი 24 14 7 3 41-21 49
3 დინამო 23 12 6 5 37-14 42
4 ვიტ ჯორჯია 23 11 9 3 33-22 42
5 ცხინვალი 24 8 7 9 31-37 31
6 სამტრედია 24 6 6 12 31-47 24
7 ბაია 23 5 5 13 18-30 20
8 სიონი 23 3 11 9 12-27 20
9 ლოკომოტივი 23 3 9 11 12-29 18
10 გაგრა 23 3 5 15 21-43 14


შენიშვნები - პროფლიგის რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეარ-ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა;
- 5 თებერვალს გამართული ”სიონი”-”სპარტაკი” სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა გარიგებულად მიიჩნია და ორივე გუნდს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალა. ფედერაციისვე სააპელაციო კომიტეტმა გააუქმა ეს გადაწყვეტილება და შედეგი (0:1) ძალაში დატოვა.

ბომბარდირები
აკინო (ოლიმპი) - 19 (8 პენალტით), ნიკა გელაშვილი (ზესტაფონი) - 15 (1), ვახტანგ კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია) - 11 (1),  გიორგი გაბედავა (გაგრა) - 10 (1), ჯაბა დვალი (ზესტაფონი) - 9.

ფრიდონ კერვალიშვილი

 

კომენტარები არ არის
კომენტარის გასაკეთებლად გაიარე ავტორიზაცია. თუ არ ხარ რეგისტრირებული — დარეგისტრირდი.
ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38