შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალებს შორის ყველაზე საინტერესო თამაშები დღეს გაიმართება. როგორც “სანტიაგო ბერნაბეუზე”, ასევე “ოლდ ტრაფორდზე” გასამართი მატჩების მონაწილე გუნდებს ურთიერთშეხვედრების საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვთ, თუმცა მხოლოდ ეს არ სძენს შეხვედრებს დამატებით ინტრიგას.
რეალი-ლიონი (პირველი მატჩი 0:1)
მადრიდის “რეალისთვის” დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რამდენიმე მიზეზთაგან ერთ-ერთი ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე გაიმართება, არენაზე, რომელიც დღეს “ლიონს” უმასპინძლებს. თავად ფრანგული კლუბი შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩემპიონთა თასის ისტორიაში საუკეთესო კლუბს, ევროპაში 21-ე საუკუნეში გამოჩენილ “ლიონთან” ჯერ შეხვედრა არ აქვს მოგებული. გარდა “ლიონისა”, “რეალისთვის” ბოლო წლებში დაუძლეველ ბარიერად იქცა 1/8 ფინალი. “სამეფო კლუბს” ლიგის 1/4 ფინალში 2004 წლის შემდეგ არ უთამაშია. მაგრამ ამის მიზეზი დიდწილად იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში მადრიდელთა მიერ ჯგუფური ეტაპის მატჩების არადამაჯერებლად ჩატარება. ამ 5 წლის განმავლობაში “რეალმა” ჯგუფური ეტაპი 4-ჯერ მეორე ადგილზე დაასრულა, რამაც 1/8-ფინალში უპირატესობა მის მეტოქეს მისცა. ამჯერად სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ ჯერჯერობით მადრიდელები ამით მაინც ვერ სარგებლობენ, რაზეც საფრანგეთში გამართული პირველი შეხვედრა მეტყველებს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ 1/8-ფინალი ბოლო წლებში “ლიონისთვისაც” დაუძლეველია ბარიერია. ფრანგული კლუბი ბოლო 3 სეზონში სწორედ ამ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას.
დღევანდელ შეხვედრას გუნდები ერთმანეთისგან განსხვავებული განწყობით ხვდებიან. “ლიონმა” საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში აუტსაიდერ “ბულონთან” დაკარგა ქულები, “რეალმა” კი შიდა ასპარეზზე “სევილიასთან” ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და აქამდე ერთპიროვნულ ლიდერ “ბარსელონას” ქულებით გაუთანაბრდა.
გუნდებს აქამდე ერთმანეთთან 5 შეხვედრა აქვთ გამართული, რომელთაგან 3 “ლიონმა” მოიგო, 2 კი ფრედ დასრულდა. საყაიმო შედეგით დასრულებული ორივე მატჩში მადრიდში გამართულ შეხვედრებზე მოდის.
პირველად გუნდები ერთმანეთს 2005 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩში “ლიონმა” შინ კარეუს, ჟუნინიოს და ვილტორის გოლებით 3:0 მოიგო, განმეორებითი კი 1:1 დასრულდა. მადრიდში გოლები გუტიმ და კარეუმ გაიტანეს.
მომდევნო სეზონში, კვლავ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გუნდები ისევ გადაეყარნენ ერთმანეთს. პირველი მატჩი ამჯერადაც საფრანგეთში გაიმართა და იგი ფრედის და ტიაგოს გოლებით “ლიონმა” მოიგო. განმეორებით შეხვედრას სტუმრები კარეუს და მალუდას გოლებით 2:0 კი იგებდნენ, მაგრამ მამადუ დიარამ და ვან ნისტელროიმ “რეალისთვის” ქულის მოპოვება მოახერხეს.
ბოლო მატჩში კი მიმდინარე წლის 16 თებერვალს გაიმართა და იგი ფრანგებმა მაკუნის გოლით მოიგეს.
“რეალს” ფრანგულ კლუბებთან გამართულ 21 თამაშში 11 მოგება, 3 ფრე და 7 მარცხი დაუგროვდა. საკუთარ კედლებში მადრიდელებმა 9 თამაშიდან 6 მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს და 1 დათმეს.
მართალია, მიმდინარე სეზონში “რეალმა” საკუთარ კედლებში ერთი ფრანგული კლუბის დამარცხენა უკვე მოახერხა (“მარსელი” 3:0), მაგრამ მადრიდელებს ამ ქვეყნის წარმომადგენლებთან ცუდი მოგონება აკავშირებთ. “სამეფო კლუბმა” ფრანგულ კლუბებთან გამართული ბოლო 3 ორრაუნდიანი ორთაბრძოლა დათმო.
“ლიონს” ესპანეთის წარმომადგენლებთან 15 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 5 მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 6 დათმო. პირენეზე ფრანგულ კლუბს 7 თამაშში 1 მოგება, 2 ფრე და 4 მარცხი დაუგროვდა. ესპანეთში ბოლო ვიზიტი “ლიონს” კარგად ნამდვილად არ ახსოვს, რადგან გასულ სეზონში “ბარსელონასთან” 2:5 განადგურდა.
საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით “ლიონს” მიმდინარე გათამაშებაში გასვლაზე 4 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც ფრანგებმა 3 მოიგეს.
“ლიონმა” ევროტურნირების ფლეი-ოფში პირველი მატჩი საკუთარ კედლებში 11-ჯერ მოიგო და ორრაუნდიან ორთაბრძოლაში მხოლოდ ერთხელ გამოვიდა დამარცხებული.
მაგრამ მადრიდელებს იმედს აძლევს საკუთარი კარგი სტატისტიკა – “რეალმა” ევროტურნირებზე ფლეი-ოფში პირველი მატჩი 31-ჯერ წააგო, ხოლო აქედან 20 შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე მაინც მადრიდული კლუბი გავიდა.
დღეს მოედანზე ვიხილავთ ლიგის საუკეთესო ბომბარდირს, კრიშტიანუ რონალდუს, რომლის ანგარიშზეც 6 გატანილი გოლია. სულ კი “რეალმა” 15 გოლის გატანა მოახერხა, რაც 7 მატჩის შემდეგ “ფიორენტინასთან” ერთად საუკეთესო მაჩვენებელია. გარდა გატანილი გოლებისა, მადრიდელები თამაშის წესების ხშირი დარღვევითაც გამოირჩევიან. ეს მათ სულ 125-ჯერ გააკეთეს, რაც გათამაშებას შემორჩენილ გუნდთაგან ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ყველაზე ხშირად თამაშის წესებს არღვევს სერხიო რამოსი, მის ანგარიშზე 22 ჯარიმაა. მადრიდელებს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვთ ყვითელი ბარათების მხრივაც – მსაჯებმა “რეალის” ფეხბურთელები 20-ჯერ გააფრთხილეს.
“რეალის” ფეხბურთელები განსაკუთრებით სახიფათონი არიან 16-30 წუთებში. დროის ამ მონაკვეთში მადრიდელებს 4 გოლი აქვთ გატანილი. ტაიმებს შორის “რეალის” ბურთები კი ასე ნაწილდება – 7 პირველ ტაიმში, 8 – მეორეში.
რაც შეეხება “ლიონს” მას განსაკუთრებით აქტიური პერიოდი 46-60 და 76-90 წუთებს შორის აქვს. ამ დროს ფრანგებს 3-3 გოლი აქვთ გატანილი. პირველ ტაიმებში “ლიონის” ფეხბურთელებმა მეტოქეთა კარი 5-ჯერ დალაშქრეს, მეორეში კი – 8-ჯერ.
ტრავმების გამო მასპინძლებს მეცელდერის, პეპეს, ბენზემას და დრენტეს სამსახურზე მოუწევთ უარის თქმა. სტუმრებს იმავე მიზეზით ანდერსონი და კლერკი დააკლდებიან.
2 ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ მადრიდელებს. ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მარსელო და ხაბი ალონსო ვერ ითამაშებენ. ფრთხილად თამაში მოუწევთ მასპინძელთაგან კასილასს, არბელოას და ლასანა დიარას, ხოლო სტუმრთაგან პიანიჩს, ლისანდროს და გოვუს.
შეხვედრას იტალიელი არბიტრი, ნიკოლა რიცოლი განსჯის. “რეალის” მატჩში მონაწილეობას იგი პირველად მიიღებს, “ლიონის” შეხვედრაში კი რიცოლის ერთხელ უმსაჯია – მიმდინარე გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ფრანგებმა “ანდერლეხტი” გასვლაზე 3:1 დაამარცხეს.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: კასილასი, რამოსი, ალბიოლი, გარაი, არბელოა, ლ. დიარა, გუტი, გრანერო, კაკა, რონალდუ, იგუაინი
ლიონი: ლორისი, რევეილერი, კრისი, ბუმსონგი, სისოხო, ტულალანი, მაკუნი, გოვუ, პიანიჩი, დელგადო, ლისანდრო
მანჩესტერი-მილანი (3:2)
არანაკლებ საინტერესო შეხვედრა გაიმართება მანჩესტერში. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს პირველი მატჩების შემდეგ ყველაზე დიდი უპირატესობა აქვს, მაგრამ “მილანი” ნამდვილად არაა ის გუნდი, რომელიც ვადაზე ადრე დანებდება.
“მილანი” შეეცდება ორწლიანი შესვენების შემდეგ პირველად ითამაშოს 1/4-ფინალში. რაც შეეხება “მანჩესტერს”, მან ამ 2 წლის განმავლობაში ორჯერ ითამაშა ფინალში.
შეხვედრას ორივე გუნდი კარგი განწყობით ხვდება. “მანჩესტერმა” პრემიერლიგაში ბოლო 2 მატჩი მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა. რაც შეეხება “მილანს”, მართალია, მან “რომასთან” შეხვედრაში ქულები დაკარგა, მაგრამ ბოლო მატჩების წარმატებით ჩატარების და “ინტერის” მიერ ქულების კარგვის წყალობით თანაქალაქელებთან ქულათა სხვაობა 4-მდე შეამცირა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “მილანი” საჩემპიონო ბრძოლას უბრუნდება.
აქამდე გუნდებს ერთმანეთში 9 მატჩი აქვთ გამართული, საიდანაც 4 “მანჩესტერმა” მოიგო, 5 “მილანმა”. პირველი შეხვედრა 1958 წელს შედგა ჩემპიონთა თასის 1/2 ფინალში. ინგლისში გამართული მატჩი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, განმეორებითში კი იტალიელებმა 4:0 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.
11 წლის შემდეგ, კვლავ ჩემპიონთა თასის 1/2-ფინალში, პირველი მატჩი “მილანმა” შინ 2:0 მოიგო, გასვლაზე კი 0:1 წააგო.
2005 წელს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შეხვდნენ. ორივე მატჩი “მილანმა” ერთნაირი ანგარიშით, 1:0 მოიგო. მანჩესტერელთა კარში ორივე გოლი კრესპომ გაიტანა.
2007 წელს, კვლავ ლიგის 1/2-ფინალი. პირველი მატჩი “მანჩესტერმა” საკუთარ კედლებში 3:2 მოიგო. მასპინძელთაგან გოლები კრიშტიანუ რონალდუმ და ორჯერ რუნიმ გაიტანეს. სტუმართა მხრიდან თავი დუბლით კაკამ გამოიჩინა. განმეორებითი მატჩი “მილანმა” კაკას, ზეედორფის და ჯილარდინოს გოლებით 3:0 მოიგო.
როგორც ხედავთ, განვლილი 4 ორრაუნდიანი ორთაბრძოლიდან გამარჯვებული ყოველთვის “მილანი” გამოდიოდა, მაგრამ ამჯერად უპირატესობა აშკარად ინგლისელთა მხარესაა.
“მანჩესტერს” იტალიურ კლუბებთან სულ 34 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც ინგლისელებმა 16 მოიგეს, 5 ფრედ ითამაშეს და 13 წააგეს. საკუთარ კედლებში “მანკუნიანელებმა” 12-ჯერ იმარჯვეს, 2-ჯერ ფრედ ითამაშეს და ამდენჯერვე წააგეს.
“მილანს” ინგლისურ კლუბებთან გამართულ 20 თამაშში 10 მოგება, 10 ფრე და 9 მარცხი დაუგროვდა. გასვლაზე იტალიელებმა ერთხელ მოიგეს, 4-ჯერ ფრედ ითამაშეს და 7-ჯერ წააგეს.
ევროტურნირების ფლეი-ოფში “მანჩესტერმა” პირველი მატჩი გასვლაზე 12-ჯერ მოიგო და ყველა შემთხვევაში გააღწია შემდეგ ეტაპზე.
რაც შეეხება “მილანს”, მან პირველი მატჩი საკუთარ კედლებში 4-ჯერ წააგო და აქედან ერთხელ მაინც მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. ეს მოხდა შორეულ 1955-56 წლებში, ჩემპიონთა თასის პირველ ეტაპზე, როდესაც იტალიაში “საარბრიუკენმა” 4:3 მოიგო, მაგრამ განმეორებით მატჩში “მილანმა” 4:1 იმარჯვა.
მატჩს განსაკუთრებით ინტრიგას სძენს დევიდ ბექჰემი. ამჟამად “მილანში” მოთამაშემ საფეხბურთო კარიერა სწორედ “მანჩესტერში” დაიწყო 1991 წელს, ხოლო 1995-2003 წლებში ფერგიუსონის გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო. ამ დროის განმავლობაში ბექჰემმა 394 თამაში ჩაატარა და 86 გოლი გაიტანა.
თუ დღეს “მანჩესტერმა” მეტოქის კარი სამჯერ აიღო, მესამე მათგანი იქნება “მილანის” კარში ევროტურნირებზე გასული მე-300 გოლი.
მიმდინარე გათამაშებაში “მილანის” ფეხბურთელებმა მხოლოდ 29 ზუსტი დარტყმა განახორციელეს, რაც ლიგას შემორჩენილ გუნდთაგან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
სტუმრებს დაცვაში განსაკუთრებით ყურადღებით მოუწევთ თამაში 76-90 წუთებს შორის, რადგან “მანჩესტერს” დროის ამ მონაკვეთში ყველაზე მეტი, 5 გოლი აქვს გატანილი. ტაიმებს შორის ფერგიუსონის გუნდის გოლები ასეა გადანაწილებული – მხოლოდ 3 პირველ ტაიმში და 10 მე-2 ტაიმში.
“მილანი” განსაკუთრებით სახფათოდ თამაშობს 61-75 წუთებს შორის. დროის ამ მონაკვეთში ლეონარდოს შეგირდებმა 4 გოლი გაიტანეს. იტალიელებს პირველ ტაიმებში 4 გოლი აქვთ გატანილი, მეორეში კი – 6.
ტრავმების გამო მასპინძლებს ჯონ ო’ში, რაიან გიგზი, ანდერსონი და მაიკლ ოუენი დააკლდებიან. სტუმრებს იმავე მიზეზით მასიმო ოდო და ჯანლუკა ძამბროტა არ ეყოლებათ.
“მანჩესტერს” ასევე არ ეყოლება დისკვალიფიცირებული ქერიკი. მან მილანში გამართულ მატჩში წითელი ბარათი მიიღო. მასპინძელთაგან ფრთხილად თამაში მოუწევს ნემანია ვიდიჩს, ხოლო სტუმართაგან იგნასიო აბატეს და რონალდინიოს.
შეხვედრას შვეიცარიელი არბიტრი, მასიმო ბუზაკა მოესამხურება. მისი მონაწილეობით “მანჩესტერს” 4 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც ინგლისელებმა 2 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს და 1 წააგეს. 2005 წელს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “მანჩესტერმა” “დებრეცენი” უნგრეთში ბუზაკას განსჯილ შეხვედრაში 3:0 დაამარცხა. 2008, წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში, კატალონიაში “ბარსელონასა” და “მანჩესტერს” შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მომდევნო სეზონის 1/4-ფინალში “მანჩესტერმა” გასვლაზე “პორტუ” 1:0 დაამარცხა. ხოლო იმავე სეზონის ფინალში, ასევე ბუზაკას მიერ განსჯილ შეხვედრაში “ბარსელონამ” ინგლისელებს 2:0 მოუგო. რაც შეეხება “მილანს”, მის მატჩში ბუზაკა პირველად იმსაჯებს.
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერი: ვან დერ სარი, რაფაელი, ვიდიჩი, ფერდინანდი, ევრა, ვალენსია, სქოულზი, ფლეტჩერი, პარკი, რუნი, ბერბატოვი
მილანი: აბიატი, ბონერა, ნესტა, სილვა, ანტონინი, ბექჰემი, პირლო, ამბროზინი, რონალდინიო, ბორიელო, პატო
მიშა ზაქარეიშვილი