რონალდინიო: “მანჩესტერის” ლიგიდან გამოგდება შეგვიძლია”

10.03.2010 10:30

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი შეხვედრის საკუთარ მოედანზე წაგების შემდეგ “მილანის” წინაშე ძალზე რთული, ერთი შეხედვით გადაუჭრელი ამოცანა დგას. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის “ოლდ ტრაფორდზე” ორბურთიანი სხვაობით დამარცხება ფაქტიურად შეუძლებელია. მაგრამ მილანურ კლუბში მაინც ჭარბად არიან ადამიანები, რომლებსაც წარმატების იმედი ჯერ კიდევ აქვთ. ერთ-ერთი მათგანია რონალდინიო. ბრაზილიელი განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მისმა გუნდმა გასული სეზონის ფინალისტი დატოვოს გათამაშებას მიღმა.
- რატომ ხართ ასე დარწმუნებული “მილანის” გამარჯვებაში?
- ყველაფერი მარტივადაა: ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია. ძნელი იქნება, მაგრამ სასურველი ანგარიშით მოგება შეგვიძლია.
- თქვენი აზრით, როგორი იქნება “ოლ ტრაფორდზე” გასამართი შეხვედრა?
- ვფიქრობ, რომ ლამაზი თამაში იქნება, რადგან ჩვენი მიზანია შეტევა და გოლის გატანა, ხოლო მანჩესტერი “ოლდ ტრაფორდზე” ყოველთვის საკუთარ სტილში თამაშობს. ასე რომ, დაცვაში არცერთი გუნდი არ ჩადგება.
- როგორ ფორმაშია ამჟამად “მილანი”? შეუძლია მას ლიგის მოგება?
- როდესაც საქმე ეხება ისეთ ტურნირს, როგორიცაა ჩემპიონთა ლიგა, “მილანს” წარმატების შანსი ყოველთვის აქვს. ამ კლუბს ევროპის უძლიერეს ტურნირებში გამარჯვების დიდი გამოცდილება აქვს.
- “მილანს” შემადგენლობასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა აქვს, მაგრამ ახლა ყველას აინტერესებს, მოახერხებს თუ არა მოედანზე გასვლას პატო...
- ჩვენ ყველას გვსურს, რომ პატომ თამაში შეძლოს, რადგან იგი შესანიშნავი თავდამსხმელია, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე და მას მოედანზე ერთმანეთის შესანიშნავად გვესმის.
- ჩემპიონთა ლიგაზე “მილანის” ტრადიციულმა სიძლიერემ ბოლო წლებში ხომ არ იკლო?
- როდესაც “ბარსელონაში” ვთამაშობდი, კარგად ვგრძნობდი რას ნიშნავდა ჩემპიონთა ლიგაზე “მილანის” ასპარეზობა. ასევე ვიცი რას გრძნობს ფეხბურთელი, რომლის მეტოქეც “მილანის” მაისურში გამოწყობილი ფეხბურთელია.
- მაინც რას?
- ამ დროს ხვდები რამდენად დიდ კლუბს უპირისპირდები. ამჟამად “მილანში” ვთამაშობ და თავად ვგრძნობ ამ ძალას.
- ჯერ კიდევ გახსოვთ რა შეგრძნებაა თავს ზემოთ ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა?
- შესანიშნავი განცდა იყო. სიამოვნებით გავიმეორებდი იგივეს “მილანთან” ერთად და ჩემპიონთა ლიგას მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოვიგებდი. არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც თასი კარლეს პუიოლისგან მივიღე და იგი თავს ზემოთ აღვმართე.
- სეზონის დასაწყისში გჯეროდათ, რომ “მილანის” ლიდერობას შეძლებდით?
- მიმდინარე სეზონში ჩემი მიზანი იყო ხალხისთვის გამეხსენებინა ვინაა რონალდინიო. არასდროს მომბეზრდება იმის გამეორება, რომ ლეონარდო ძალიან დამეხმარა.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა

კომენტარები არ არის
კომენტარის გასაკეთებლად გაიარე ავტორიზაცია. თუ არ ხარ რეგისტრირებული — დარეგისტრირდი.
ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38