"ბილბაოს" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოაკინ კაპაროსი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაითანხმა. ახალი ხელშეკრულება 2011 წლის ზაფხულამდე არის გათვლილი. თუკი კონტრაქტი ბოლომდე შესრულდა, 60 წლის განმავლობაში კაპაროსი გახდება პირველი სპეციალისტი, რომელიც ბასკური გუნდის დამრიგებლის პოსტზე სამ წელიწადზე მეტხანს გაჩერდა.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კაპაროსს "ვილიარეალის", "სევილიასა" და "დეპორტივოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უმუშავია, "ბილბაოს" კი 2007 წელს ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ბასკებმა შარშან ესპანეთის სამეფო თასის ფინალში გაღწევა მოახერხეს. კაპაროსის გუნდი მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად ასპარეზობს და 25 ტურში მოპოვებული 40 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ საჩემპიონთალიგო ზონაში მყოფ "მალიორკას" ბასკები მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.