პოლონეთის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, შესაძლოა, პოლონურივე “ანვილის” ბელარუსმა დამრიგებელმა იგორ გრიშჩუკმა ჩაიბაროს.
პოლონური პრესის ცნობით, სავარაუდოა, რომ 45 წლის მწვრთნელთან კონტრაქტი მომავალ კვირაში გაფორმდება. გრიშჩუკმა კარიერის უმეტესი ნაწილი “ანვილში” გაატარა, 1998 წელს კი პოლონეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყანაში დაფუძნდა.
მოსალოდნელია, რომ ევრო¬პირველობის ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ბელარუს სპეციალისტთან ხელშეკრულება 2012 წლის ოლიმპიადის ბოლომდე გაგრძელდება. გრიშჩუკის კანდიდატურის შესახებ კომენტარი პოლონეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რომან ლუდვიჩუკმაც გააკეთა.
“იგი ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც დიდი წარმატებები სწყურია. გრიშჩუკს ევროპულ კალათბურთში მუშაობის იმგვარი გა¬მოცდილება არ აქვს, როგორც ხორვატიის ნაკრების ექს-თავკაც იასმინ რეპეშას, თუმცა, ის ჩვენთვის იდეალური კანდიდატურაა”.
ლუდვიჩუკის მიერ ნახსენები რეპეშა პოლონელთა ერთ-ერთი სამიზნე გახლდათ, თუმცა, მან თანამემამულე დრაჟენ ანზულოვიჩისა და მიმდინარე სეზონში “დონეცკიდან” და “ჟალგირისიდან” დათხოვილი ლიტველი სპეციალისტის რამუნას ბუტაუტასის მსგავსად, შეთავაზება იუარა.
პოლონელები თავკაცის გარეშე გასულ წელს მათ ქვეყანაშივე გამართული ევროპირველობის შემდეგ დარჩნენ, როდესაც გუნდმა მეოთხედფინალში ვერ გააღწია და ებრაელმა მული კაცურინმაც თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.
თუკი გრიშჩუკის საქმეს ბეჭედი მართლაც დაესვა, ახალ თავკაცს ნაკრებში ერთი კარგი სიახლეც ელის, რაშიც ასევე პოლონეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ხელი ურევია. მარტის დასაწყისში ლუდვიჩუკი ორლანდოს სტუმრობდა და “მეჯიქის” პოლონელ ცენტრ მარჩინ გორტატთან მოლაპარაკება გამართა.
“პოლონელ ჩაქუჩად” წოდებულ კალათბურთელს კარგა ხანს კარგა ხანს ვერ გადაეწყვიტა, ევროპირველობის შესარჩევ ციკლში ასპარეზობას შეძლებდა თუ ვერა. ამ მიმართულებით, ლუდვიჩუკის ვიზიტი წარმატებული გამოდგა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო განცხადებაც გააკეთა.
“მარჩინმა ერთმნიშვნელოვნად განმიცხადა, რომ აგვისტოს მატჩებისას იგი ეროვნულ გუნდში გამოცხადდება. გორტატის თქმით, უკვე ივლისში ის ახალი მწვრთნელის განკარგულებაში იქნება და თავს არ დაზოგავს”.
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის C ჯგუფში პოლონეთისა და საქართველოს გარდა, ბელგიის, პორტუგალიისა და ბულგარეთის ნაკრებები იასპარეზებენ. საქართველოსა და პოლონეთის გუნდები ერთმანეთს ციკლის პირველივე ტურში, 2 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში გაეჯიბრებიან.
დავით მანჯავიძე