”თვალები კარგად გაახილე, იყავი სწრაფი და მძვინვარე”, - სტარტზე გასვლამდე, ლეგენდარულმა ალბერტო ტომბამ ეს ურჩია თავის 25 წლის თანამემამულე ჯულიანო რაძოლის, რომელმაც კალგარის 1988 წლის ოლიმპიადის ჩემპიონის რჩევა გაითვალისწინა და ცხოვრების ოცნებაც აისრულა - სლალომში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
რაძოლის, ვინც ერთი თვის წინათ, ზაგრებში, მსოფლიოს თასზე პირველი გამარჯვება იზეიმა, პირველ ცდაზე საუკეთესო შედეგი ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მეორეზე მასზე სწრაფი რამდენიმე მეტოქე იყო, ორი ცდის ჯამში მაინც აჯობა უახლოეს მდევარს ხორვატიიდან, ივიცა კოსტელიჩს, ვინც მეორე ვერცხლს დაეუფლა. ბრინჯაო კი, შვედმა ანდრე მირერმა დაისაკუთრა, ვისაც პირველი ცდის შემდეგ მე-10 შედეგი ჰქონდა, მაგრამ მეორეზე ყველაზე სწრაფად უწია ფინიშს.
”ეს ფანტასტიკურია, დაუჯერებელია. დიდი ხანია, ამაზე ვოცნებობდი და ახლა, ეს ოცნება რეალობად იქცა. არ მინდოდა, ტურნირამდე დიდი მოლოდინი მქონოდა და სტარტამდე არ ვფიქრობდი, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო. არ მინდოდა, ამ ფიქრს ჩემთვის ხელი შეეშალა. მეორე ცდა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, ჩემს ლიდერობაზე არ მეფიქრა და საქმეზე ვყოფილიყავი მობილიზებული. ლიდერობა ჩემთვის უცხო არ იყო. ვიცოდი, რომ ყველაზე სწრაფი ვიყავი და ეს ძალიან დამეხმარა”, - განაცხადა ჩემპიონმა, ვინც ტომბას მშობლიური ბოლონიადან 100 კილომეტრის სიახლოვეს ცხოვრობს და ბუნებრივია, მისი კერპი სწორედ ”ლა ბომბაა” (ტომბას მეტსახელია).
რაძოლის თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ტომბასთან მეგობრობს და იმავდროულად, ლეგენდარული იტალიელი მისი კერპიცაა. ალბერტომ ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა გამარჯვება თავის ახალგაზრდა მეგობარს, რომელიც, ფინიშის შემდეგ, ზურგზე გადაწვა და კარგა ხანს ასე იყო, შემდეგ კი იტალიის დროშა მოიხურა და თავისი მეტოქეებისგან მილოცვები მიიღო.
კვლავ ვერაფერს მიაღწია სლალომში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ავსტრიელმა ბენჯამინ რაიხმა, ვისაც პირველი ცდის შემდეგ მე-3 საუკეთესო დრო ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, მე-4 ადგილს დასჯერდა. ამგვარად, ავსტრიელმა მამაკაცმა სამთო-მოთხილამურეებმა ვანკუვერში ერთი მედლის აღებაც კი ვერ მოახერხეს. ასეთი რამ კი 1936 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
რაიხის გარდა, მედლებამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ მარიო შაიბერს და მარსელ ჰირშერს რომლებმაც, შესაბამისად, დაშვებაში და გიგანტურ სლალომში მე-4 ადგილები დაიკავეს. არადა, ტურინის ოლიმპიადაზე, ავსტრიელ სამთო-მოთხილამურეთა გუნდმა (მამაკაცებმაც და ქალებმაც) 14 მედლის, (მათ შორის 4 ოქროს) მოპოვება შეძლეს.
კლასიფიცირებულთა შორის ვერ მოხვდა ოლიმპიური ჩემპიონი ბოდე მილერი, რომელმაც პირველი ცდის პირველსავე სეგმენტში დაუშვა შეცდომა და ასპარეზობას გამოეთიშა.
1. ჯულიანო რაძოლი (იტალია) 1:39.32 (47.79; 51.53)
2. ივიცა კოსტელიჩი (ხორვატია) 1:39.48 (48.37; 51.11)
3. ანდრე მირერი (შვეიცარია) 1:39.76 (49.03; 50.73)
4. ბენჯამინ რაიხი (ავსტრია) 1:39.81 (48.33; 51.48)
5. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) 1:40.20 (48.92; 51.28)
6. მიტია ვალენჩიჩი (სლოვენია) 1:40.35 (48.22; 52.13)
7. მანფრედ მიოლგი (იტალია) 1:40.45 (48.64; 51.81)
8. ჯულიან კუზინო (კანადა) 1:40.66 (49.59; 51.07)
9. ჯულიან ლიზერუ (საფრანგეთი) 1:40.72 (48.82; 51.90)
10. რაინფრედ ჰერბსტი (ავსტრია) 1:40.78 (49.23; 51.55)
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ