ვანკუვერის ოლიმპიადაზე ქართველი სამთომოთხილამურეებისთვის წარუმატებელი გამოდგა კაცთა სლალომი, რომელსაც უისტლერის ტრასამ უმასპინძლა. იასონ აბრამაშვილმა და ჯაბა გელაშვილმა ორივე ცდის ბოლომდე ჩამთავრება ვერ მოახერხეს.
პირველი ცდის შემდეგ, აბრამაშვილი ლიდერ იტალიელ ჯულიანო რაცოლის 4.10 წამით ჩამორჩებოდა და 51.89 წამით საკმაოდ კარგი 34-ე პიზიცია ეკავა. სულ ტრასაზე 102 სპორტსმენი გავიდა, რომელთაგან ფინიშამდე მისვლა 54-მა შეძლო.
სამწუხაროდ, “გავარდნილთა” რიგებში 16 წლის ჯაბა გელაშვილიც მოხდა, რომელმაც მხოლოდ პირველი ნიშნულის გავლა მოახერხა.
მეორე ცდისას, წარუმატებლობა შეემთხვა 21 წლის აბრამაშვილსაც, რომელმაც ტრასის ბოლომდე ასევე ვერ მიაღწია, არადა, ჩვეულ დონეზე სრიალის შემთხვევაში, მოწინავე ოცდაათეულში მოხვედრის კარგი შანსი ჰქონდა.