რიშმა ოქროს დუბლი შეასრულა

27.02.2010 17:13

გერმანელმა მარია რიშმა (სურათზე) სლალომში ოქროს მოპოვებით დააგვირგვინა ვანკუვერის ოლიმპიადაზე თავისი ბრწყინვალე გამოსვლა, თუმცა კვარცხლბეკზე ის მაინც გულნაკლული იდგა, რადგან იქ მის გვერდით არ იყო მისი უმცროსი და სუზანე. ისე კი, მარიამ ოლიმპიადა ოქროს ორი მედლით დაასრულა, გერმანელმა ქალებმა კი სამ ოქროს მოუყარეს თავი.
რიშმა პირველი ოქრო სუპერ კომბინაციაში მოიპოვა, რის შემდეგაც, ყველასათვის მოულოდნელად, გიგანტური სლალომის ოქრო მისმა 20 წლის თანამემამულე ვიკტორია რებენსბურგმა მოიპოვა. სხვათა შორის, რიშის უახლოესმა მეგობარმა, ამერიკელმა ლინდსი ვონმა, ვინც ოლიმპიადაზე ტრავმირებულმა იასპარეზა, ერთი ოქროსა და ერთიც ბრინჯაოს მოპოვება შეძლო.
მარიას პირველ ცდაზე საუკეთესო შედეგი ჰქონდა, მისი და კი მეოთხე ადგილზე იყო და მედლის მოპოვების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ მეორე ცდაზე შეცდომა დაუშვა და ფინიშს ვერ უწია. ამიტომ, მარია თავის გამარჯვებას მოკრძალებული სიხარულით შეხვდა, რომ თავისი უმცროსი დისთვის გული არ დაეწყვიტა.
”ის ტიროდა, რამაც მეც შემძრა. თუმცა, სუზანე ჯერ პატარაა და მას მედლების მოპოვების შანსი კიდევ ექნება”, - განაცხადა ჩემპიონმა, ვინც ორი ცდის ჯამში, თითქმის ნახევარი წამით აჯობა ავსტრიელ მარლის შილდს.
სხვათა შორის, გერმანელმა ქალმა სამთო მოთხილამურეებმა სამი ოქროს აღება 1998 წლის თამაშებზეც შეძლეს, სადაც თავი კატია ზაიცინგერმა და ჰილდე გერგმა გამოიჩინეს.
შილდი სლალომის სპეციალისტია - მას ამ დისციპლინაში ბროლის გლობუსი ორჯერ აქვს მოპოვებული. მაგრამ 28 წლის მოთხილამურეს ბოლო ხანს ტრავმები სტანჯავდა, რის გამოც, ოლიმპიადისთვის მომზადებაც კი ძლივს მოასწრო. 2008 წლის სეზონის დაწყებამდე, მან ფეხი მოიტეხა და მის მოსარჩენად, ოთხი ოპერაცია გადაიტანა, რის გამოც 2008-09 წლების სეზონი სრულად გამოტოვა. მაგრამ სამთო ფერდობზე ნოემბერში დაბრუნებულმა, ფლახაუსა და ლინცში მსოფლიო თასის ეტაპები მოიგო და ვანკუვერსაც ფავორიტის რანგში ეწვია.
ნარბოლევს, შილდმა, ვისაც კარიერაში მსოფლიო თასის 22 ეტაპი აქვს მოგებული (მათგან 20 სლალომში), განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ, წარმოდგენაც არ ჰქონდა, შეძლებდა თუ არა ოლიმპიადაზე გამოსვლას. ”სახლში ორი ოლიმპიური მედალი მაქვს, ეს კი მესამეა და ამით სრულებით კმაყოფილი ვარ”, - განაცხადა შილდმა.
მესამე ადგილზე ჩეხი სარკა ზაჰრობსკა გავიდა. 1984 წლის შემდეგ, ეს ჩეხების მიერ სამთო თხილამურობაში მოპოვებული პირველი ოლიმპიური მედალია. 26 წლის წინ, ოღონდ ჩეხოსლოვაკეთის სახელით, დაშვებაში ბრინჯაოს ოლგა ჩერვატოვა დაეუფლა.
ხელი მოეცარა შვედ ანია პერსონს, ვინც ტურინის ოლიმპიადაზე სწორედ სლალომში დაეუფლა ოქროს მედალს. ის მეორე ცდაზე გეიტს გასცდა და ფინიშს ვერ უწია. ნარბოლევს კი განაცხადა, რომ ექიმებს უნდა ეჩვენოს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, იასპარეზებს თუ არა მსოფლიო თასის დარჩენილ რბოლებში.

სლალომი. ქალები

1. მარია რიში (გერმანია)    1:42.89 (50.75; 52.14)
2. მარლის შილდი (ავსტრია)   1:43.32 (51.40; 51.92)
3. სარკა ზაჰრობსკა (ჩეხეთი)   1:43.90 (51.15; 52.75)
4. მარია პიეტილაე-ჰოლმნერი(შვედეთი) 1:44.22 (51.64; 52.58)
5. სანდრინ ობერი (საფრანგეთი)   1:44.46 (51.68; 52.78)
6. ტანია პოუტიაინენი (ფინეთი)    1:44.93 (51.67; 53.26)
7. ელიზაბეთ გიორგლი (ავსტრია)  1:44.97 (53.01; 51.96)
8. ნიკოლე გიუსი (იტალია)   1:45.01 (51.71; 53.30)
9. ტინა მაზე (სლოვენია)   1:45.09 (52.28; 52.81)
10. ვერონიკა ზუზულოვა (სლოვაკეთი) 1:45.14 (52.11; 53.03)

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ


კომენტარები არ არის
კომენტარის გასაკეთებლად გაიარე ავტორიზაცია. თუ არ ხარ რეგისტრირებული — დარეგისტრირდი.
ანონსი

გულშემატკივრის სვეტი

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

სტატია

ერთი დღე მსოფლიო სპორტში

  • 6 სექტემბერი

    1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. 

«მსოფლიო სპორტი» შეიძენს

ჭიდაობისა და ძიუდოს სტატისტიკას. ძველ ქართულ და რუსულენოვან წიგნებს სპორტის ამ სახეობების შესახებ.

ტელეფონი: 94-35-42; 858-10-65-38