ქუთაისის სპორტის სასახლე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს - 24 თებერვალს, იმერულ ხალიჩაზე პირველ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. ყველაზე შედეგიანად აჭარელმა ახალგაზრდებმა იჭიდავეს. მათ 3 ოქროს მედალი მოიპოვეს, მეოთხე ოქრო კი სენაკელ მოჭიდავეს ერგო.
50 კილოგრამში სულაც, აჭარული ფინალი შედგა. ბაჩანა ფუტკარაძემ თორნიკე მახარაძეს სძლია. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კიდევ ერთი აჭარელი - ნიკა ცეცხლაძე და ქუთაისელი რომან ჩაბჩიძე ავიდნენ. 55 კილოგრამში ყველას აჯობა უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულმა მინდია წულუკიძემ. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა თავისი რეალური ძალა შიდა კონკურენციაშიც დაამტკიცა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან სამტრედიელი გოგიტა გოგიბერაშვილი დაამარცხა.
60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც ფავორიტები გაჩემპიონდნენ. ქემალ ხარაბაძემ ოქროს მედალი სამტრედიელი გოგა გოგიბერაშვილის ძლევით მოიპოვა, ხოლო საჩინო დავითაიამ ფინალში გარდაბნელი დავით კაკაშვილი ჩამოიცილა.
დღეს მედლები დარჩენილ ოთხ წონაში - 74, 84, 96 და 120 კილოგრამებში გათამაშდება. 27-28 თებერვალს კი, საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.
ოთარ მაღლაკელიძე
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.
საქართველოს ჩემპიონატი. ახალგაზრდები. ქუთაისი. 24 თებერვალი
50 კგ
1 ბაჩანა ფუტკარაძე (აჭარა)
2 თორნიკე მახარაძე (აჭარა)
3 ნიკა ცეცხლაძე (აჭარა)
3 რომან ჩაბჩიძე (ქუთაისი)
55 კგ
1 მინდია წულუკიძე (აჭარა)
2 გოგიტა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
3 მირზა ვანაძე (აჭარა)
3 გენადი ქუთათელაძე (წყალტუბო)
60 კგ
1 ქემალ ხარაბაძე (აჭარა)
2 გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
3 როინ დირკვაძე (აჭარა)
3 ფირუზ წულუკიძე (აჭარა)
66 კგ
1 საჩინო დავითაია (სენაკი)
2 დავით კაკაშვილი (გარდაბანი)
3 გოჩა კოკობინაძე (აჭარა)
3 გიორგი დავითაია (სენაკი)