რუსთავის “ოლიმპისთვის” წლევანდელი საევროტურნირო ზაფხული, მოლოდინისამებრ, ადრიანად დასრულდა. ყაზახურ “აკტობესთან” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში დაიჩაგრა (0:2, 1:1) და განსაკუთრებით უმწეო იყო რუსთავული შეხვედრის მეორე ტაიმში. მეტიც, ის 45 წუთი უნდა ეჩვენებინათ დამწყები ფეხბურთელებისთვის - “როგორ არ უნდა ითამაშო ფეხბურთი”. შეუთამაშებლობა, დაღლილობა, სასურველი შედეგის მისაღწევად არანაირი იმედის ნიშან-წყალი. ეს არც იყო გასაკვირი: “ოლიმპი” “აკტობესთან” მატჩებს სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. რაღა შორს წავიდეთ, ამხელა რანგის შეხვედრაში 16-კაციანი განაცხადი რომ გეყოლება, უბრალოდ, სირცხვილია.